მარნეულის მერია საჯარო ინფორმაციას დროულად არ გასცემს


„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრმა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისაგან საჯარო ინფორმაცია 27 იანვარს გამოითხოვა. წერილზე პასუხი 7 თებერვალს, 10 დღის ვადაში, უნდა მიეღო, მაგრამ როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რაშან ზიადალიევმა გვითხრა, მერიისაგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.

რაშანის წერილი მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტს შეეხება. 2019 წლის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მან ბიუჯეტთან დაკავშირებით საკმარისი განმარტებები ვერ მიიღო.

„საკრებულოს თავმჯდომარემ და ბიუჯეტის მიმართულებით კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია ამ სხდომაზე მთელი ბიუჯეტის კონკრეტულად ახსნა და მთელ დეტალებზე კონკრეტულად საუბარი. როდესაც დამტკიცდა ბიუჯეტი ჩვენ შევიტანეთ მარნეულის მერიაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისათვის წერილი და ვუთხარით თვითმმართველობას, რომ მოეცათ მთელი 240 გვერდიანი ბიუჯეტი“ - გვეუბნება რაშან ზიადალიევი

„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრს“ ბიუჯეტთან დაკავშირებით ანგარიშის მომზადება სურდა, რათა დაედგინათ არის თუ არა ბიუჯეტი დისკრიმინაციული, რომელ სოფლებში დაიხარჯება 2020 წელს ყველაზე მეტი თანხა და არის თუ არა არგუმენტირებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები.

რაშანი ფიქრობს, რომ მარენულის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილის პასუხი შეგნებულად არ მიაწოდა, რადგან ბიუჯეტის მიზანი განსაზღვრული არაა.

„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ ერთადერთი არაა, რომელსაც მარნეულის მერიისაგან საჯარო ინფორმაცია არ მიუღია. სამოქალაქო აქტივისტი რავილ მამედოვი გვიყვება, რომ მან მერიის ა.ა.ი.პ „სპორტული სკოლისაგან“ გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა კრიტერიუმებით არჩევენ მწვრთნელებს.

„მე შევიტანე ეს განცხადება სადღაც სექტემბერში და ერთი თვის მერე მივედი, გავახსენე, რომ განცხადება მაქვს და პასუხს ველოდები. იაგო ნავერიანმა (სპორტსკოლის დირექტორმა) მითხრა, რომ ვნახავ წერილს და გიპასუხებთო, მაგრამ მას შემდეგ მაინც არ მოსულა პასუხი“. - რავილმა ასევე აღნიშნა, რომ მას წერილის რეგისტრაციის ნომერიც ჰქონდა შენახული, მაგრამ ის წერილის ჩაბარებიდან 2 თვის შემდეგ დაკარგა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ საჯარო ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდებასთან დაკავშირებით რადიო „მარნეულისათვის“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საიას“ რუსთავის ოფისის იურისტმა ეკატერინე ფავლენიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ საჯარო ინფორმაციებზე პასუხის არმიცემა კანონდარღვევად შეაფასა.

„საჯარო დაწესებულება რადგან ფინანსდება ბიუჯეტისაგან ვალდებულია, რომ როდესაც მიმართავს მოქალაქე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მოთხოვნით, მისცეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან შესაბამის ვადაში. დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ არ საჭიროებს დამატებით მოძიებას გამოთხოვილი დოკუმენტაცია და თუ მოითხოვს მოძიებას და ადმინისტრაციული ორგანო ვერ ეტევა დროში, ამ შემთხვევაში უნდა მიწეროს მომთხოვნს, რომ თქვენი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას და გადმოგეცემათ პასუხი გარკვეულ ვადაში. ეს არის ინფორმაციის გაცემის მუხლი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორმოცე მუხლი“ - გვითხრა ეკატერინე ფავლენიშვილმა

„საიას“ იურისტი განმარტავს, რომ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც მარნეულის მერიისაგან საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასამართლოში ჩივილი შეუძლიათ.

რადიო „მარნეული“

მასალა მომზადებულია გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პროექტის "მედიაადვოკატირების კამპანია ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისთვის" ფარგლებში. რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციოაციის მიერ . მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები, მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს საიას ოფიციალურ პოზიციებს

Print