ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ 2018-19 წლებში 1 390 564 ლარი დახარჯა
სახელმწიფო რწმუნებულების მიერ 2018-19 წლებში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში თავმოყრილია ინფორმაცია გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკასა და სასმელი პროდუქტების, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ გასული ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა, 1 190 732 ლარი, ხელფასებსა და პრემიებში დახარჯა. 2018 წელს ადმინისტრაციაში ხელფასის სახით 532 298, პრემიის სახით კი 41 550 ლარი გაიცა, ხოლო 2019 წელს ხელფასებში 542 169, პრემიებში კი 74 765 ლარი დაიხარჯა.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანზე 9 მანქანა ირიცხება რომელთა შეკეთებისა და დიაგნოსტიკისათვისაც ადმინისტრაციამ ორი წლის განმავლობაში 43 300 ლარი დახარჯა. აქედან 25 475 ლარი 2018, ხოლო 17 825 ლარი 2019 წელს. ამავე წლებში, რწმუნებულის ადმინისტრაციამ საწვავში 112 219 ლარი დახარჯა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებში გააერთიანა ტელევიზიის, შიდასაქალაქო ტელეფონის და ინტერნეტის ხარჯები რაშიც ადმინისტრაციამ 2018 წელს 7 228, ხოლო 2019 წელს 11 247 ლარი დახარჯა.

ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფისმა 2018-19 წლებში 15 989 ლარი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ოფისმა 2018 წელს რესტორნის მომსახურეობაში 7 665, ხოლო 2019 წელს 2 184 ლარი გადაიხადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ რომლის მიხედვითაც, 2018-19 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა მთიანეთის ადმინისტრაციებმა ჯამში 10 797 168 ლარი დახარჯეს.

რადიო „მარნეული“

ვლადიმერ ჩხიტუნიძე


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები