საქართველოს მთავრობა მოსახლეობის ინფორმირებას არ ახდენს და ამიტომ გაურკვევლობაში ვართ - ბოლნისის მკვიდრი მარიკო წიქორიძე
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 23 მარტის N180 დადგენილებაში, რომელშიც მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმის გამოცხადებაზე იყო საუბარი, ცვლილებები შეიტანა.

დადგენილებაში ცვლილება მხოლოდ სათაურშა. დადგენილების თავდაპირველი სათაური იყო, „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“, ხოლო ახლა დადგენილების დასახელებაა „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“.

დადგენილებაში ცვლილების შეტანის ერთადერთი მიზეზი 18 მაისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაა. ორშაბათიდან მარნეულელებს ჩვეულებრივ შეეძლებათ საქართველოს მასშტაბით გადაადგილება, ხოლო ბოლნისი ისევ ჩაკეტილი იქნება, რადგან კორონავირუსის გავრცელება მუნიციპალიტეტში კვლავ გრძელდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანამ ბოლნისელების ნაწილში გარკვეული კითხვის ნიშნები გამოიწვია, განსაკუთრებულად კი დადგენილების იმ ნაწილმა, რომლის მიხედვითაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილება იკრძალება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბოლნისის მკვიდრი მარიკო წიქორიძე ამბობს, რომ ბოლნისელების ნაწილმა იფიქრა, რომ მუნიციპალიტეტში ახალი შეზღუდვები წესდება.

„ბოლნისელების ნახევარმა იფიქრა, რომ ახალ შეზღუდვებზეა საუბარი. გუშინ დაიდო ეს დადგენილება და მას შემდეგ უამრავი ადამიანი წერს პოსტებს და ჰგონიათ, რომ ეს ახალი აკრძალვებია. ამ დადგენილების ტექსტს განმარტება არ მოჰყოლია, რომ ეს არის ძველი, უბრალოდ დასახელებაშია ცვლილებები შეტანილი“ - ამბობს მარიკო წიქორიძე

წიქორიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას გარკვევით უნდა აეხსნა მოსახლეობისათვის თუ რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი და ამავდროულად დადგენილების შინაარსი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც უნდა გაევრცელებინათ რადგან ბოლნისის მუნიციპალიტეტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებითაა დასახლებული.

მთავრობას ამ ცვლილებებზე განმარტება არ გაუკეთებია და ამ დროს საზოგადოებაში არის ერთი ამბავი. ძალიან ბევრ ადამიანს, სამოქალაქო იქნება ეს თუ ბიზნესი ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. უვარდებათ პროექტები, უფუჭდებათ საქმეები. ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს პროცესი არასოდეს არ დამთავრდება. მგონი, საქართველოს მთავრობებს ის უფრო მოსწონთ, როდესაც მოქალაქეები კანონმორჩილები არ არიან, მერე მუშაობის სხვანაირ სტილზე გადადიან. მთელი ბოლნისი რომ გამოვიდეს და ერთი ამბავი ატეხოს, როგორც მარნეულში იყო, ალბად მერე მაინც მოიფიქრებს მთავრობა რა ღონისძიებები ჩაატაროს“ - ამბობს მარიკო წიქორიძე

საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვა და მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმის გამოცხადება მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და მისი ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. მუნიციპალიტეტები 22 მარტიდააა ჩაკეტილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, როდესაც მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა ტესტირებებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები