„ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს საფუძველი ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის“ - სოვლაბი
“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (სოვლაბი) მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ, 24 მაისს, საკვირაო ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და თვლის, რომ მისი განცხადება არ არის მიმართული ნარიმან ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად გააზრებისაკენ.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას მოითხოვა, რომ მოხდეს მარნეულის მერიის მიმდებარედ არსებული ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი და მარნეულის მერი ძეგლის უკანონო რესტავრაციაში დაადანაშაულა.

გთავაზობთ „სოვლაბის“ განცხადებას:

„საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დეკომუნიზაციის პროცესი არ მომხდარა. წარსულის გააზრება პოლიტიკის ნაწილი არ ყოფილა. სახელმწიფოს ამ შედეგის მისაღწევად კრიტიკულად აუცილებელი ნაბიჯები არ გადაუდგამს:

- არ ჩაატარა ლუსტრაციის პროცესი;

- არქივები კვლავაც ხელმიუწვდომელია. მკვლევრებისთვის დოკუმენტებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. არ არის გამოქვეყნებული იმ პირთა სია, რომლებიც თანამშრომლობდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან.

- საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა.

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" საჭიროდ თვლის გამოეხმაუროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქის განცხადებას და განაცხადოს, რომ:

- მარნეულის გარდა, საქართველოში სხვა ქალაქებშიც მრავლადაა საბჭოთა „საზოგადო მოღვაწეების“ ძეგლები, დგას მათი ბიუსტები თუ მონუმენტები. მათი სახელები ჰქვია ქუჩებს.

- ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ვლადიმერ ლენინის ძეგლების აღება 90-იან წლებში საქართველოს საზოგადოების დიდი ჩართულობით მოხდა. ამ აქტს საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოუწვევია, არც კონფლიქტის საფუძველი გამხდარა.

- ნარიმან ნარიმანოვი, როგორც ისტორიული ფიგურა, უნდა იზიარებდეს საბჭოთა ოკუპაციის (აზერბაიჯანისა და საქართველოს) კოლექტიურ პასუხისმგებლობასა და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებას მოყოლილი დანაშაულებების მორალურ ტვირთს;

- ამის ფონზე, რასაკვირველია, გულდასაწყვეტია, რომ ბოლშევიკური რეჟიმის ძალისხმევითა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღების გამო დღემდე ბოლომდე არ არის შესწავლილი საქართველოში მცხოვრები იმ ეთნიკური აზერბაიჯანელების წვლილი, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ხელს აწერდნენ საქართველოს სადამფუძნებლო დოკუმენტებსს და მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველებმა მუსლიმი ქალი აირჩიეს ადგილობრივ თვითმართველობაში;

- ეს ადამიანები კოლექტიური მეხსიერებიდან გაქრნენ. არ არსებობს მათი ძეგლები, მათი სახელი არ ჰქვია ქუჩებს, მოედნებს, სკვერებს და ა. შ.

- საქართველოში მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია და ეს საერთო ისტორიაშიც მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი;

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის განცხადება არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ და ნარიმან ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისაკენ.

- ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს საფუძველი ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის. მიგვაჩნია, რომ მაღალი სასულიერი იერარქები უნდა ცდილობდნენ, რომ საქართველოში იყოს - „ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

- ძეგლების ჩამოხსნა და დადგმაც უნდა მოხდეს საზოგადოებაში კონსენსუსის საფუძველზე. ძალადობრივად, ფრაგმენტულად, სახალხო თანხმობის გარეშე ძეგლების ჩამოხსნამ შესაძლოა უკუშედეგი მოგვცეს და ისინი კერპებად იქცნენ“.


ამავე თემაზე:

მეუფე გიორგიმ მარნეულის მერს ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟისთვის „გონივრული ვადა“ მისცა

სადამდე მიგვიყვანს სასულიერი პირის ჩარევა ნარიმანოვის საკითხზე - ისტორიკოსის და ფილოლოგის შეფასება

„ქართული მარში“ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსს მხარდაჭერას უცხადებს

„კანონის გვერდის ავლით მოხდა ძეგლის რესტავრაცია“ - მეუფე გიორგი მარნეულის მერს ადანაშაულებს


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები