კითხვების შინაარსი პირდაპირ ეხება აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონტროლს - EMC სუს-ის გამოძიებაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-ში უკვე რამდენიმე მარნეულელი გამოიკითხა. მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები და რელიგიური ლიდერები. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამოქალაქო აქტივისტებსა და რელიგიურ ლიდერებს სამართლებრივ დახმარებას უწევს.

რადიო „მარნეულს“ EMC-ში უთხრეს, რომ გამოკითხვის შემდგომ გამოკითხულთა უმრავლესობასა და EMC-ის წარმომადგენელს სუს-მა გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობის ვალდებულება დააკისრა. ორგანიზაცია წერს, რომ ამ მექანიზმის გამოყენება გამოკითხულ პირებს საკუთარი პოზიციების დაცვისა და უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობას უსპობს.

„დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენთვის შეუძლებელია მოგაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია გამოკითხვის დროს დასმულ საკითხებზე. თუმცა, ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმული კითხვების შინაარსი, ფორმულირება საკმაოდ პრობლემურია და პირდაპირ ეხება აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემოწმებას და კონტროლს. საგამოძიებო ორგანო ინტერესდებოდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხზე გამოხატული მოსაზრებებით და ამ შემთხვევაშიც კითხვების ფორმულირება იმგვარი იყო, თითქოს ეს კრიტიკა თავისთავად პრობლემურია.გამოძიების პროცესში კითხვაც კი არ დასმულა იმ სტრესზე და ზიანზე, რომელიც ულტრაკონსერვატიული ჯგუფების სიძულვილის კამპანიის გამო ადგილობრივმა აქტივისტებმა მიიღეს და ძალადობრივი ჯგუფების თანასწორად განხილვა ძალიან მძიმე ემოციური გამოცდილება იყო მათთვის“ - აცხადებს EMC

EMC-ს განცხადებით ბოლო წლებია საქართველოს აზერბაიჯანელ თემში ჩანს ადგილობრივი აქტივისტების უნიკალური თვითორგანიზება სოციალური ცვლილებებისთვის და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის. მათი რიტორიკა სამოქალაქო ნაციონალიზმის, თანასწორობის და სოლიდარობის იდეებს ეფუძნება და ღიად საუბრობენ მათი თემის და ასევე სხვა არადომინანტური ჯგუფების საჭიროებებზე, უფლებებზე და წუხილებზე.

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს აქტივისტების ეს ხმა და ამ სოციალური პროცესის მნიშვნელობა სათანადოდ არ ესმის და ამ უნიკალურ რესურსს ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებისთვის არ იყენებს. მათ შოროს, მთავარობას ან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს არ აქვს ახალგაზრდა აქტივისტებთან დიალოგის რეგულარული და ინსტიტუციონალიზებული ფორმატები. ამის საპირისპიროდ ჩანს, ამ კრიტიკული ხმების და პოზიციების „პრობლემად“ მიჩნევის ტენდენცია. 30 მაისს სუს-ში დაწყებული გამოძიება და გამოკითხვის კონტექსტი კი კიდევ უფრო აძლიერებს ამ დისკურსს და მან შეიძლება გამყინავი ეფექტი იქონიოს აქტივისტურ პროცესებზე რეგიონში“. - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

EMC აღნიშნავს, რომ მათ არა აქვთ მოლოდინი, რომ აღნიშნული გამოძიებას სამართლებრივი შედეგი მოჰყვება, რადგან წლების განმავლობაში ისინი ხედავენ ხელისუფლების სამართლებრივ ლოიალობას ულტრაკონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მიმართ.

ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია მარნეულის მერის, ზაურ დარგალის სუს-ში დაბარების შესახებ. დეტალები უცნობია, ზაურ დარგალი ამ საკითხზე არ საუბრობს.

სუს-ში გამოკითხვაზე უკვე იყვნენ მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესის სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგი ასადოვი, ფიზიკის და მათემატიკის მარნეულელი მასწავლებელი ელვირ ჰასანოღლუ და პარტია „ახალი საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ფუად გახრამანოვი. EMC სამი მათგანს უწევს სამართლებრივ დახმარებას. 

მათი ნაწილი სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის მერს ძეგლის რესტავრაციისათვის უსაყვედურა და მისი აღება მოსთხოვა.

Print