ISFED ქადაგებისას მეუფე გიორგის განცხადებებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევად აფასებს
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო პროცესში სასულიერო პირის ჩარევადაა შეფასებული.

„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია“. - წერია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში

ISFED რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ.

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ მარნეულის მერს ძეგლის რესტავრაციისათვის უსაყვედურა და მისი აღება მოსთხოვა.

16 ივლისს, მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის მიმდებარედ, ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით აქციაც გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი იყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები