მარნეულში ნარკოტიკების სავარაუდო ჩადების ფაქტზე პროკურატურამ ეფექტური გამოძიება უნდა ჩაატაროს - ISFED
„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში მოხვდა მარნეულში სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის ფაქტი.

„17 ივლისს, დაახლოებით დღის 4 საათზე, მარნეულის სოფელ არაფლოში, გალიფ ალიევის ოჯახში, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი აქტიური წევრია, მარნეულის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის ოფიციალური საფუძველი იყო ის, რომ გალიფ ალიევს სახლში ჰქონდა არარეგისტრირებული (პისტოლეტი) იარაღი. ჩხრეკის დროს, ოჯახის ერთ–ერთი წევრის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ჩანს პოლიციელების მხრიდან, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ჩადების ფაქტი. ამ საქმესთან დაკავშირებით, 18 ივლისს, პროკურატურაში განცხადება, „ევროპული საქართველოს” წევრმა ახმედ იმამყულიევმა შეიტანა“ - წერია ორგანიზაციის ანგარიშში

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, პროკურატურამ სათანადო, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩაატაროს, მარნეულში, ნარკოტიკების სავარაუდო ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვები ფაქტის პოლიტიკური სარჩულის შესახებ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები