ცნობილი და უცნობი პარტიები და კანდიდატები მარნეულში
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 31 ოქტომბერს, ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ორი ბიულეტენი დახვდება. ერთი ბიულეტენის მეშვეობით ამომრჩეველს ხმის მიცემა მაჟორიტარი კანდიდატისათვის შეეძლება, ხოლო მეორე ბიულეტენით პარტიისთვის.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ISFED აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 5 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველს სამი ბიულეტინის შემოხაზვა დასჭირდება, რადგან მერის რიგგარეშე არჩევნებიც მიმდინარეობს.

„ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, არჩევნებზე პროპორციული სიით შეუძლია სხვა პარტიას მისცეს ხმა და მაჟორიტარული სიით სხვა პარტიის, ან სულაც დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“ - გვითხრა ელენე ნიჟარაძემ

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველს ორი ბიულეტენის შემოხაზვა დასჭირდება. ერთი მათგანით 14-დან ერთ-ერთ მაჟორიტარ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო მეორეთი 50 პარტიიდან ერთ-ერთი უნდა შემოხაზოს.

უკვე ცნობილია მარნეულის და გარდაბნის თოთხმეტივე მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა.


საარჩევნო ნომრით 2 მაჟორიტარობისათვის პარტია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ახმედ იმამკულიევი იბრძოლებს.
იმამკულიევმა მარნეულში პოლიტიკური კარიერა 2014 წელს დაიწყო, ის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითმმართველობის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. 2016 წელს ასევე „ენმ“-დან ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, ხოლო 2017 წლის არჩევნებში მარნეულის მერობისათვის უკვე „ევროპული საქართველოდან“ იბრძოდა.

საარჩევნო ნომრით 4 მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარობისათვის იბრძოლებს პარტია „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”-ს მაჟორიტარობის კანდიდატი აშოტ მურადიანი.
აშოტ მურადიანი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, პანდემიამდე ის ტურიზმის სფეროში იყო თვითდასაქმებული, ხოლო შემდგომ სამუშაო ადგილი დაკარგა. სამსახურის დაკარგვის შემდგომ ის პარტია „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ“-ში გაწევრიანდა, სადაც მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად ყოფნა შესთავაზეს.

საარჩევნო ნომრით 5 მაჟორიტარობისათვის საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”-ს მაჟორიტარი კანდიდატი აზერ სულეიმანოვი იბრძოლებს.
სულეიმანოვი პირველად დეპუტატი 1999-2003 წლებში, მეხუთე მოწვევის პარლამენტში, იყო. ხოლო შემდეგ, მეშვიდე, მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც მოხვდა. ის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ სარგებლობდა.

საარჩევნო ნომრით 8 მაჟორიტარობისათვის მახირ იუსუბოვი იბრძოლებს. ის პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-ს მაჟორიტარობის კანდიდატია.
მახირ იუსუბოვი ქართულად არ საუბრობს, მრავალი მცდელობის მიუხედავად, რადიო „მარნეულს“ ის კომენტარს არ აძლევს. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მეცხრე მოწვევის პარლამენტშია, ისინი პრორუსული შეხედულებებით გამოირჩევიან.

საარჩევნო სიაში N10-ია ალი ბადიროვი, რომელიც „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი კანდიდატია.
ალი ბადიროვმა პოლიტიკური აქტივობა 2018 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დაიწყო. ის მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, ხოლო წელს მაჟორიტარობისათვის ლეიბორისტული პარტიიდან იბრძოლებს.

მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ თამარ ჭონიაშვილი დაასახელა. მისი საარჩევნო ნომერია 19.
პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შეიქმნა. მისი ლიდერები არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და ა.შ.

საარჩევნო ნომრით 20 მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობისათვის პარტია „საქართველოდან“ გულსაფა აივაზოვა იბრძოლებს.
გულსაფა აივაზოვა სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თაზაქენდში ცხოვრობს. 1957 დაიბადა სოფელ მოლაოღლში და საშუალო სკოლაც იქ დაამთავრა. სკოლის დათავრების შემდეგ კი აზერბაიჯანის სახელმიწფო უნივერსიტეტში ენების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. გულსაფა აივაზოვა სოფელ თაზაქენდის სკოლაში აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა. 11 წელი კი სოფელ ბურმას საჯარო სკოლის დირექტორი იყო.

საარჩევნო ნომრით 21 პარტია „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“-დან ნატალია გელაზონია იბრძოლებს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობისათვის.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ 2010 წელს დაფუძნდა. პარტიის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ "თავისუფალი საქართველო" განსხვავდება ყველა დანარჩენი პარტიისაგან იმით, რომ მათ გუნდში არ არის შევარდნაძის, სააკაშვილის ან ივანიშვილის რეჟიმის არცერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

საარჩევნო ნომრით 30 მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობისათვის პარტია „შეცვალე საქართველოს“ კანდიდატი ავთანდილ ოქროცვარიძე იბრძოლებს.
პარტიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მათი მოძრაობა ეფუძნება გლობალური ცვლილებების იდეას და აქვთ ამბიცია, რომ მათი გზავნილი „საქართველო როგორც შენ გინდა“ მსოფლიოსათვის მოდელი გახდება.

საარჩევნო ნომრით 41 მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობისათვის ზაურ დარგალი იბრძოლებს. ის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატია.
ზაურ დარგალმა პოლიტიკური აქტივობა 2018 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაიწყო. ის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იყო და 2018 წლის არჩევნებში გამარჯვებაც მოიპოვა.

საარჩევნო ნომრით 44 პარტია „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართული იდეა“-დან მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობისათვის ოლეგი დევაძე იბრძოლებს.
ჩვენთვის მთავარია ღირსება და სამართლიანობა, ამასთან არ უნდა დაგავიწყდეს გაჭირვებული ადამიანები, მშიერ ხალხს ვალებით აშენებული ფასადებით ვერ მოხიბლა - წერია ქართული იდეის განცხადებაში.

„პროგრესული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი გაჯარ გუსეინოვი იქნება, მისი საარჩევნო ნომერია 50.
პარტიაში განმარტავენ, რომ მათი მთავარი მიზანი ნეპოტიზმის აღმოფხვრაა. ამასთან, პარტიის თავჯდომარე მიიჩნევს, რომ ქვეყანა ევროზონის წევრი უნდა გახდეს და, შესაბამისად, ეროვნული ვალუტა არა ლარი, არამედ ევრო უნდა იყოს.

საარჩევნო ბიულეტენში დაგხვდებათ „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობის“ კანდიდატი ისპანდიარ ქარიმოვი, რომლის საარჩევნო ნომერი 55-ია.
„ქართული მარში“ პრორუსული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური განწყობით ცნობილი ულტრანაციონალისტური გაერთიანებაა.

საარჩევნო ნომრით 56 მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობისათვის პარტია „ლელო - მამუკა ხაზარაძე“-დან მურად მურადოვი იბრძოლებს.
მურადოვი პოლიტიკაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველად გამოჩნდა. მურად მურადოვი დაიიბადა მარნეულში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არის პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტი. დაახლოებით 10 წელი აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო პროცესებში. მისი ძირითადი კარიერა უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები