ამომრჩეველზე ზრუნვა თუ არჩევნების გაყალბების მცდელობა - მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატები ცესკოს ინიციატივას აფასებენ
მარნეულისა და გარდაბნის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატების ნაწილი, ცესკოს გადაწყვეტილებას, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფმა მოქალაქეებმა არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირონ, სკეპტიკურად უყურებს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ლელოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა მურად მურადოვმა განაცხადა, რომ ზოგადად, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფის იდეა დადებითია, მაგრამ გადასატანი ყუთების შემთხვევაში არჩევნების გაყალბების და ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენის დიდი რისკია.

„თავისთავად, როდესაც ადამიანთან მივა სპეციალური ყუთი და ვინმე მათ მიუთითებს, თუ ვის უნდა მისცეს ხმა, ეს უკვე მათი ნების დარღვევა იქნება. ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორც ხდება ხოლმე გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩევლებზე ზეწოლა და არჩევნების გაყალბება“ - განაცხადა მურად მურადოვმა

„ლეიბორისტული პარტიის“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის ალი ბადიროვის განცხადებით, მთავარია, რომ ის კომისიის წევრები, რომლებიც ამომრჩევლებამდე გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ კეთილსინდისიერად შეირჩნენ და არ იყვნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერები, რათა შემდგომში ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენა ვერ შეძლონ.

არჩევნების გაყალბებისა და ამომრჩევლების დაშინების მცდელობად აფასებს ცესკოს გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ახმედ იმამკულიევი.

„გადასატანი ყუთი, რომელიც რომელიმე ადამიანთან მივა ოჯახში, იქ აუცილებლად იქნება ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ანუ ისინი მაინც ცდილობენ რომ როგორმე დააშინონ ამომრჩეველი და გააყალბონ არჩევნები“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა ქველაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძნელი იქნება საარჩევნო პროცესის გაკონტროლება და შესაძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადასატანი ყუთი არჩევნების გაყალბებისათვის გამოიყენოს, ან ის ადამინები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან დააშინონ.

ცესკოს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა პარტია „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართული იდეა“-ს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა ოლეგ დევაძემ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გადასატან ყუთზე დაკვირვების შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებსაც ექნებათ, ცესკოს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა გადასატანი ყუთის მეშვეობით შეეძლებათ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.

სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით“
- წერია ცესკოს განცხადებაში

სპეციალური უბნის წევრებს ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან შეხება არ ექნებათ. გადასატან ყუთზე დაკვირვება კი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები