შშმ პირებისთვის მიცემული პირობის შეუსრულებლობას მერია პანდემიით ამართლებს
მარნეულში მცხოვრებ უსინათლოებს დღეს უნდა ჰყოლოდათ გამცილებლები, სმენადაქვეითებულებს უნდა შესძლებოდათ სურდო თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობა და უნდა დაწყებულიყო შშმ პირების საცხოვრებელი ადგილების ადაპტაცია , მაგალითად, ეტლით მოსარგებლისთვის მერიას მისივე სახლში უნდა გაეკეთებინა პანდუსი, პროექტ „ნათელი ოთახის“ ფარგლებში. ამაზე ზუსტად ერთი წლის წინ შეთანხმდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და შშმ პირთა საბჭო, რომელიც 2020 წლის იანვარში, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების პრეზენტაციაზე, მერმა, ზაურ დარგალმა წარადგინა. თავისმხრივ, საბჭომ განსაზღვრა ზემოხსენებული სამი მიზანი, რასაც მერიამ სრულად დაუჭირა მხარი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო. პერსპექტივა საოცნებოდ გამოიყურებოდა - რეალობა კი აღწერილის სრულიად საწინააღმდეგოდ.

ხუსეინ გამბაროვი სმენადაქვეითებულია. ის მარნეულში ცხოვრობს და მისი ერთადერთი შემოსავალი სოცილური დახმარება და შშმ პირის პენსიაა. ასე იყო პანდემიამდე და ასეა ახლაც, თუმცა კორონავირუსის გავრცელებამდე მას პირადი პრობლემების მოგვარება, ასე თუ ისე, ყრუთა კავშირის დახმარებით შეეძლო. პანდემიამ ეს შესაძლებლობაც წაართვა და თან მაშინ, როცა მუნიციპალიტეტში შესაქმნელ სამ ძირითად სერვისს შორის იყო სურდო თარჯიმნის მომსახურება. ამ დაპირებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ხუსეინ გაბანოვმა, მარნეულის საკარანტინე ზონად გამოცხადების პერიოდში, სამედიცინო მომსახურებაც კი ვეღარ მიიღო.

„როდესაც ჩაგვკეტეს, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. ვერავინ ვერაფერი ვერ შემატყობინა. ოპერაცია მაქვს გაკეთებული და იმ დროს სახვევების გამოცვლა მჭირდებოდა, ვერ მივდიოდი ვერსად, ძალიან დიდი ტკივილები მქონდა, მაგრამ მაინც სახლში ვიყავი. მერე მოვახერხე მარნეულში ჩამოსვლა, მაგრამ ექიმთან არ მიშვებდნენ, არ შეიძლებაო. მეც ვერაფერს ვერ ვუხსნიდი და დიდი ტკივილების გადატანა მომიწია.“

ხუსეინ გამბაროვის ნაამბობს ადასტურებს ყრუთა კავშირის თარჯიმანი ემა ოსიპენკოც. ინფორმაციის ნაკლებობას პანდემიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს და ჰყვება, რომ კარანტინის გამო შექმნილ გაჭირვებაში ბენეფიციარებმა თავი ძლივს გაიტანეს. მარნეულის ყრუთა კავშირი პანდემიამდე შეხვედრებს კვირაში ორჯერ მართავდა. ბენეფიციარები ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებდნენ და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებაც ამბებს იგებდნენ. მკაცრი რეჟიმის დაწესების გამო შეხვედრები გაუქმდა, რამაც სმენადაქვეითებულები კომუნიკაციისა და ინფორმაციის გარეშე დატოვა. გარკვეული ხნის უკან, რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრას კავშირმა კვლავ გაუწია ორგანიზება. ახლა ბენეფიციარებმა ის მაინც იციან, რა ეპოქაში უწევთ ცხოვრება და რა საფრთხეს უნდა გაუმკლავდნენ. ვისაც სმარტფონი აქვს, გაუმართლა, საჭიროების შემთხვევაში, სურდო თარჯიმანს ონლაინ სთხოვს დახმარებას. ასეთები უმცირესობაში არიან, უმრავლესობა კვლავ ყველანაირი სერვისის მიღმა რჩება.

ხუსეინ გამბაროვის მსგავსად, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები ძირითადად სოციალური შემწეობითა და შშმ პირის პენსიით ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი უმრავლესობა არ მუშაობს და შესაბამისად, არც შემოსვლის დამატებითი წყარო დაუკარგავს კორონავირუსის გამო, სოციალური პირობები მაინც დაუმძიმდათ. გაზრდილი ფასების პირობებში, თვიური შემოსავლით ახლა გაცილებით ნაკლებ პროდუქტს ყიდულობენ, ვიდრე პანდემიამდე. მერიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პირს, მარტიდან დღემდე, მხოლოდ ერთი სასურსათო კალათა გადასცა. შემადგენლობა სტანდარტული იყო: შაქარი, ფქვილი, ზეთი და სხვა ძირითადი პროდუქტი, რაც ოჯახებს რამდენიმე დღის განმავლობაში ეყო. მერიამ მაშინ ვერ მოიფიქრა, სურსათთან ერთად შშმ პირებისთვის, მათთვის გასაგებად მიეწოდებინათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიაზე.

უსინათლო ფირდუნ გარაჯაევმა ხუსეინ გაბანოვზე ოდნავ მეტი იცოდა კორონავირუსის შესახებ, ისიც ცოლ-შვილის წყალობით. წლებია, სახლიდან იშვიათად გადის, მაგრამ ოთხსულიანი ოჯახიდან სწორედ ის დაინფიცირდა. მდგომარეობა გაურთულდა, მაგრამ ადგილი არც ერთ კლინიკაში აღმოჩნდა და სახლში მკურნალობა მოუწია. კორონავირუსს თავი დააღწია, თუმცა ინფორმირების, სოციალიზაციის, სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის პრობლემა მისთვის კვლავ აქტუალური რჩება.



კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ შშმ პირებისათვის განკუთვნილი სერვისების ამოქმედებისთვის არაფერი გააკეთა. მუნიციპალიტეტი მარნეულში მცხოვრებ შშმ პირებზე ზრუნვა მხოლოდ სასურსათო კალათით გამოიხატა.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მაისურაძე ამბობს, რომ უსინათლოთათვის საქართველოს მასშტაბით, უმთავრეს გამოწვევას ხელმისაწვდომი გარემოს არარსებობა წარმოადგენს. კორონავირუსიმა კი, ისედაც ჩაკეტილი საზოგადოება, კიდევ უფრო ჩაკეტა.

„საკითხი შესაძლოა დაიყოს როგორც გლობალურად, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის მქონედ. მე უფრო გლობალურზე გავამახვილებ ყურადღებას. უკვე დაახლოებით 20 წელია ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ნაბიჯი წინ ვერ გადავდგით. გლობალურში იგულისხმება ისევ ძველი მიდგომა, რომელიც დღემდე ვერ შეცვლილა, ანუ უსინათლოთათვის აქამდე სამედიცინო მხრივ მიდგომა სჭარბობს, ვიდრე სოციალური მიდგომა. დღემდე ვერ ჩატარდა კვლევა შშმ პირების საჭიროებების შესახებ, რათა სახელმწიფომ იცოდეს, თუ რა სჭირდება ყოველ ადამიანს და რითი შეიძლება რომ გვერდით დავუდგეთ. არ ვიცი მარნეულზე როგორ გავამახვილო ყურადღება, როდესაც ეს პრობლემები თბილისშიც კი არაა მოგვარებული.“

კორონავირუსის პანდემიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი პრობლემა მაინც სმენადაქვეითებულ მოსახლეობას შეუქმნა. ყრუთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე მაია მეტონიძე ამბობს, რომ 23 მარტიდან 18 მაისამდე პერიოდში, როდესაც მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა, მარნეულის ყრუთა კავშირის ბენეფიციარებს კორონავირუსის შესახებ ინფომრაცია არ ჰქონდათ, რამაც მათი ემოციური სტრესი და ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვია. დღეს ინფორმირების პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ამ ადამიანებს დამოუკიდებლად არავითარ სერვისზე ხელი არ მიუწვდებათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე მარნეულის შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარეა. საბჭო მოხალისეებით, - უსინათლოთა, სმენადაქვეითებულთა, ეტლით მოსარგებლეთა, შშმ ბავშვების მშობელთა წარმომადგენლებით, ასევე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გამცილებლის, სურდო თარჯიმნისა და „ნათელი ოთახის“ სერვისების შემოღება კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა. მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა უმეტესობა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომებიც ვეღარ გაიმართა.



მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, წლის განმავლობაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 000 ლარი იხარჯება, რაც 500-ზე მეტ ბენეფიციარს ხმარდება. რადიო „მარნეულისთვის“ უწყებიდან ოფიციალურად მოწოდებულ წერილში თანხა დასახელებული არ არის, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სწორედ ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ. შესაბამისად, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ 500 000 ლარი, შემწეობასთან ერთად, მკურნალობის სატრანსპორტო მომსახურებისა და სხვა ხარჯს გულისხმობს. წერილში აღნიშნულია, რომ 2020 წლის განმავლობაში, მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა, სმენა დაქვეითებულ, ასევე დიალიზზე მყოფ პირთა ერთჯერადი და ყოველთვიური დახმარებით 497-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

„ყოველთვიური დახმარებით ბენეფიციარებმა ისარგებლეს 1416 ჯერ, დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ყოველთვიური სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება განხორციელდა 1010 ჯერ,“ - წერია მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N9 დადგენილებაში 2020 წელს შესული ცვლილებების თანახმად, მხედველობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე ასაკის უსინათლო ბენეფიციარები 100 ლარს, ხოლო მხედველობის მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარები ყოველთვიურად 70 ლარს იღებენ. რეგულარულ შემწეობად 70 ლარია გათვალისწინებული ყრუ და სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც.

სურდო თარჯიმნის, გამცილებლის და „ნათელი ოთახის“ საოცნებო პერსპექტივამ, კვლავ განუსაზღვრელ მომავალში გადაინაცვლა. შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარემ დასახული სამი მიზნის განხორციელების დროდ „უახლოესი მომავალი“ დაასახელა, თუმცა როდის არის ეს „უახლოესი მომავალი“ თავადაც არ იცის. არ არსებობს არც პროექტის შესაბამისი ბიუჯეტი.

კორონავირუსის პანდემიას თან ახლავს მუდმივად ცვალებადი ინფორმაცია, მათ შორის რეგულაციების შესახებ, რომელიც შშმ პირთა უმრავლესობისთვის კვლავ უცნობი რჩება. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს არავითარი გეგმა, თუ როგორ უნდა აცნობონ ამ ადამიანებს ცვლილებების შესახებ, როგორ უნდა დაეხმარონ, თუ მათ არავინ ჰყავთ გვერდით და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არიან, ყოველგვარი სახელმწიფო სერვისების გარეშე.

რადიო "მარნეული" 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები