მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობის გარშემო, მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, მეუფე გიორგიმ განაცხადა, რომ მრავალათასიანი მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად საქართველოს მთავრობა მათ ხმას არ ისმენს.

„ჩვენი მოქალაქეები შეიკრიბნენ და სამართლიანი პროტესტი გამოთქვეს ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობა არ ისმენს ხალხის ხმას და ისენი გვესაუბრებიან ენერგოდამოუკიდებლობაზე, მაგრამ როდესაც საზოგადეობა ეცნობა ამ პროექტის შინაარსს ჩვენ ვხედავთ, რომ რომელ ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი, როცა 100 წლით უცხო ქვეყანას აძლევ ყველაზე სტრატეგიულ ობიექტს, რასაც ენერგეტიკა ჰქვია“. - განაცხადა მეუფე გიორგიმ

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განმარტებით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ისენი საზოგადოების არა ბატონ-პატრონი, არამედ დაქირავებული მუშა ხელი არიან და მათ საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულონ.

„როგორ შეიძლება ერთი საუკუნით 36 კილომეტრი ხეობა გადასცე უცხო ქვეყანას, უცხო ინვესტორს რომლის უკან ჩვენ არ ვიცით რა დგას. ის უცხო ქვეყნის თუ არის, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნის ინტერესები იდგება. არ არსებობს ამ ქვეყანაზე მუდმივი მეგობრები სახელმწიფოთა შორის, არსებობს მხოლოდ ინტერესები და ეს ინტერესები ათწლეულების შემდგომ ჩვენს საზიანოდ რომ იქნეს გამოყენებული მაშინ ვინ აგებს ამაზე პასუხს? ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ეს პროექტი.“

მეუფე გიორგის განცხადებით, მთავრობამ ხალხის მოთმინება ასე არ უნდა გამოსცადოს, თორემ თავზე ღვთის და ხალხის რისხვას დაიტეხენ.

რიონის ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე იქ ჩავიდა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს განუცხადა, რომ ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო. ამავე დღეს პოლიციამ რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდა და ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. ადგილზე მიტანილი იყო სპეციალური სატრანსპორტო საშუალებაც, რომელიც ხეობის მცველების თქმით სიგნალის დამხშობი იყო, ამ ტექნიკასთა დაკავშირებით შსს-მ განაცხადა, რომ ის რადიოკავშირის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად იყო ადგილზე ჩატანილი.

ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილამდე მისვლა მოქალაქეებისათვის ამ დრომდე შეზღუდულია, ადგილზე შესვლის უფლება მისცეს ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს.

4 აპრილს სოფელ გუმათში ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების აქციაც გაიმართა, მათი მთავარი მოთხოვნა გზის გახსნა იყო, რომელიც არ შესრულდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები