მოსამართლემ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ვერ მიიღო და სხდომა გადადო - გიორგი მუმლაძე
2 ივნისს ბოლნისი რაიონულ სასამართლოში 29 აპრილს მარნეულის მერიაში დაკავებული აქტივისტების სასამართლო სხდომა გაიმართა. გიორგი მუმლაძე და კიდევ ხუთი სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

როგროც „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, 2 ივნისს გამართულ სასამართლოზე საქმესთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება განიხილეს. მუმლაძის განმარტებით, ვიდეომტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ არც ერთი დაკავებულის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

„როდესაც მტკიცებულებების განხილვას მოვრჩით მოსამართლესთანაც შევთანხმდით, რომ უნდა მიეღო გადაწყვეტილება რათა სხვა დროსაც არ დაგვჭირვებოდა ბოლნისში ჩასვლა. მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება და შესვენების შემდეგ რომ შევედით დარბაზში ჩვენდაგასაკვირად თქვა, რომ დრო არ ეყო, რომ ამას დრო სჭირდება და 9 ივნისისთვის გადაიდო გადაწყვეტილების გამოცხადება. მე ვფიქრობ, რომ მან დამოუკიდებლად ვერ მიიღო გადაწყვეტილება რაც სრული აბსურდია, რადგან პროცესზე დეტალურად გამოვიკვლიეთ ყველა მტკიცებულება საედანაც ჩვენი უდანაშაულობა ირკვევა. ეს ადასტურებს იმას, რომ მოსამართლე ამ შემთხვევაში არ მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი პირი“ - ამბობს გიორგი მუმლაძე

გიორგი მუმლაძის განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ მოსამართლე ლევან ბარდაველიძეს აქტივისტების დაჯარიმების დავალება აქვს მიღებული.

29 აპრილს მარნეულის მერიის წინ სიმონ მუმლაძის მარენულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში დაბრუნებისა და მის განთავისუფლებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართებოდა. გიორგი მუმლაძე მისი ძმის, სიმონ მუმლაძის, სამსახურიდან განთავისუფლებას საკუთარ აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს რომ სიმონი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გააგდეს. სწორედ ამ პროტესტის დროს დააკავეს გიორგი მუმლაძე და კიდევ ხუთი სამოქალაქო აქტივისტი.

აქტივისტებს ბრალი სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვთ წარდეგნილი, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები