საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში პანდემიის შეზღუდვებზე დავამ აქტუალურობა დაკარგა
„თავისუფლების მარცვალი, რომელიც შეიძლება გაღვივდეს მოსწავლეებში გაკვეთილებზე, მე ამას ყოველთვის ვცდილობდი და ვეცდები კიდეც მომავალში და ჩვენს მოსწავლეებს მასწავლებლებისგან, სჭირდებათ სწორედ ასეთი მაგალითები, თავისუფლების მაგალითების ჩვენება“, - ასე მიმართა სცენიდან საზოგადოებას გიორგი ჭაუჭიძემ, როცა 2019 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გადასცეს. 2020 წლის აპრილში მან ერთ-ერთი ასეთი მაგალითი თავად აჩვენა. მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მიიჩნია, რომ სახელმწიფომ გაუმართლებლად შეზღუდა მისი უფლებები, როცა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტა. პედაგოგმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მას შემდეგ 15 თვე გავიდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

გიორგი ჭაუჭიძე ჭიათურელია, თუმცა პროფესიულმა საქმიანობამ, უკვე ცხრა წელია, მარნეულში დაადებინა ბინა. 2020 წლის 23 მარტი, დღე, როდესაც მუნიციპალიტეტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტეს, კარგად ახსოვს. ახსოვს იმიტომ, რომ გაბრაზდა.

„ერთი წლის წინ, იმ პერიოდში რომ გადავიდეთ, მე მიჩნდებოდა საოცარი პროტესტის გრძნობა. მითუმეტეს თვეების განმავლობაში გაგრძელდა ეს, მითუმეტეს ეს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა ცნობილ და ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტებებს და ვარაუდებზე იყო დაყრდნობილი, რაც შემდგომ დადასტურდა. დღევანდელ სიტუაციასთან თუ გავავლებთ პარალელს, 2 600 შემთხვევა იყო დღეს და არაფერია ჩაკეტილი და ორი შემთხვევა იყო მაშინ, როდესაც მთელი რეგიონი სამხედროებით ჩაკეტეს. მოკლედ, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მე გამიჩნდა მაშინ მოთხოვნილება და მთავრობის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამრთლოში გავასაჩივრეთ“.

გასული წლის მარტში, მთავრობამ ორი რეგიონი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩაკეტა. ამით ადგილობრივებს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა. რეგიონში მაშინ დაავადების მართლაც ორი დადასტურებული შემთხვევა იყო. გადაკეტეს მუნიციპალიტეტის შესასვლელები, გამშვებ პუნქტებთან მობილიზებული იყო შეიარაღებული სამართალდამცველები. ამან მარნეულსა და ბოლნისში კიდევ უფრო დაამძიმა სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. მოსახლეობას გაუფუჭდა მოსავალი და გაუნულდა შემოსავალი. ყოველი მხრიდან ისმოდა ქსენოფობიური განცხადებები. რეგიონის გახსნიდან მეორე დღესვე, 23 აპრილს, გიორგი ჭაუჭიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს მთავრობის იმ დადგენილების შეჩერებისა და არაკონსტიტუციურად ცნობის თხოვნით მიმართა, რომელიც მარნეულელებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავდა.

„სასამრთლოს ამის შესახებ განაჩენი არ გამოუტანია და არის ასე, ჰაერში გამოკიდებული. დღეს უკვე აქტუალობა დაკარგა ამ საკითხმა. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს იყო არასწორი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, თუნდაც დღევანდელი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ არგუმენტები, რომლის გამოც მარნეული ჩაკეტეს, დღეს უკვე გაბათილებულია, რადგან ათასობით შემთხვევა ფიქსირდება და არაფერი ჩაკეტილი არაა“.

საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობის დადგენილების კონსტიტუციურობის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია. გიორგი ჭაუჭიძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა.

გიორგის მსგავსად, საგანგებო მდგომარეობის დროს პრობლემები ბევრ ადამიანს შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მარნეული საქართველოს სხვა რეგიონებისაგან განაცალკევეს, დაწესდა სხვადასხვა სახის შეზღუდვა, რომელიც მთელ ქვეყანას ეხებოდა. აიკრძალა თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვება, სამ პირზე მეტის შეკრება, დაწესდა შეზღუდვა გადაადგილებაზე, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება და სხვა.

2020 წლის 22 მაისს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდა, მაგრამ ძალაში დარჩა შეზღუდვები. რადიო „მარნეულმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან გამოითხოვა ინფორმაცია იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის გამო დაჯარიმებულთა შესახებ. მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს, საქართველოს მასშტაბით, ამ წესის დარღვევისთვის 4 556 ადამიანი დააჯარიმეს. ჩვენი დათვლით, ჯარიმათა საერთო ღირებულება 9 112 000 ლარს შეადგენს. ამ პერიოდში ქვემო ქართლში დადგენილი წესები 535-მა ადამიანმა დაარღვია. ჯარიმების ღირებულება 1 070 000 ლარია. იმავე წელს, პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, საქართველოში 58 848 ადამიანი დააჯარიმეს. რეგულაციების დამრღვევთაგან 3 990 ადამიანი ქვემო ქართლში აღრიცხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მოუწოდებია ინფორმაცია პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმის ოდენობის შესახებ. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2021 წლის 24 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერებათ, სტატისტიკამ აზრი დაკარგა. დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და კვლავ „პიკში შესული“ პანდემიის წელს, მთავრობამ მოსახლეობას აპატია.

სწორედ ამიტომ გრძნობს თავს მოტყუებულად შუქურ ალიევი. მან პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმა უკვე გადაიხადა. შუქური მარნეულში, მიმდინარე წლის აპრილში დააჯარიმეს.

„სამსახურში მივდიოდი, ჩემს პირბადეს თოკი ჰქონდა და კისერზე მეკიდა. სიგარეტს ვეწეოდი და ამიტომ პირბადე გაკეთებული არ მქონდა. ამ დროს პატრულმა დამინახა და მითხრა, პირბადე არ გიკეთიაო. რომ ვუთხარი, სიგარეტს ვეწევი და რანაირად უნდა გავიკეთო პირბადე-თქო, არ აქვს მნიშვნელობაო და მაინც დამიწერეს ჯარიმა. მეც აღარ გავუგრძელე საუბარი და გამომიწერეს 20 ლარიანი ჯარიმა, რომელიც ხუთ წუთში გადავიხადე. ჯარიმა გადავიხადე და სამ თვეში გავიგე, რომ ყველას, ვინც პანდემიის დროს დაჯარიმდა, ჯარიმები გაუნულეს, ამან კიდევ უფრო გამაბრაზა, ანუ მე, პატიოსანმა მოქალაქემ, ჩემი ვალდებულება შევასრულე, ხოლო მან, ვინც არ გადაიხადა ჯარიმა, არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მიიღო და ჯარიმა გაუნულდა“.

შუქურისაგან განსხვავებით, „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმა არ გადაუხდია 30 წლის მარნეულელ კაცს, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.
„მარტი იყო, რომ დამაჯარიმეს. სადღაც 12 საათი იქნებოდა, გარეთ რომ გამოვედი, ვიცოდი, რომ ერთი მაღაზია 24 საათი მუშაობს და იქ მინდოდა მისვლა. გზაში პოლიციამ გამაჩერა და 2 000 ლარიანი ჯარიმა გამომიწერა. არ გადამიხდია, თავიდანვე არც ვაპირებდი გადახდას, ვიცოდი, რომ მაინც არავინ გადამახდევინებდა“.

მარნეულელი ახალგაზრდის მოლოდინი გამართლდა. კორონავირუსის შეზღუდვების გამო გამოწერილი ჯარიმების ამნისტიის კანონი ჯერ პარლამენტს არ მიუღია. თუმცა, პრემიერის პოლიტიკური განაცხადიდან გამომდინარე, უკვე ცხადია, რომ 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმა ჩამოიწერება. საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხზე, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს, თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ.

GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი მარი კაპანაძე ჯარიმების ამნისტიის კანონის მიღებას პრობლემურ საკითხად მიიჩნევს. ერთი მხრივ, იმ ადამიანებისათვის, ვისაც ჯარიმები ჩამოეწერება, კარგია, რადგან მათ აღარ მოუწევთ დაუსაბუთებელი შეზღუდვების გამო დაწერილი ჯარიმების გადახდა. მაგრამ მეორე მხრივ, ამნისტია იმ ადამიანებს, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

„მეორე პრობლემა, რაც აქვს ამ კანონს, არის თანმიმდევრულობა, ანუ რამდენად თანმიმდევრულია სახელმწიფო თავის მიდგომაში და რის გაკეთებას აპირებს ხვალ და ზეგ, როდესაც თავიდან შეიძლება შემოიღოს შეზღუდვები და მერე გაუჩინოს მოლოდინი აბსოლიტურად ყველა ადამიანს, რომ დარღვევის შემთხვევაში, ისინი პასუხს ისევ არ აგებენ და მათზე მომავალშიც გავრცელდება გარკვეული ამნისტია. ვფიქრობ, რომ ეს არის წინასწარი, ერთგვარი, პოლიტიკური ხრიკი, როგორიც ჩვენ წინა წლებშიც არა ერთხელ გვინახავს, როდესაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ცდილობს ადამიანების გულის მოგებას. სინამდვილეში, ყველაზე სწორი მიდგომა იქნებოდა ის, რომ ყოფილიყო პასუხისმგებლობის ზომები არა ასეთი ბრუტალური, არამედ შესაბამისი ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომლის გადახდის შესაძლებლობაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ექნებოდა“.

იმის დადგენა, თუ რამდენმა ადამიანმა გადაიხადა კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვებით გათვალისწინებული ჯარიმა, შეუძლებელია. საქართველოს სახელმწოფო ხაზინა სტატისტიკას არ აწარმოებს. როგორც რადიო „მარნეულს“ ხაზინაში განუცხადეს, მონაცემები ანგარიშდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, მაგრამ მასში მუხლობრივად არ არის გაწერილი, თუ რა სამართალდარღვევაზე, რა ოდენობის ჯარიმაა გადახდილი.

და მაინც, სტატისტიკა ასახავს გავლენას, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა მოქალაქეებზე იქონია.

მიმდინარე წელს პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის საქართველოში 147 069, ხოლო ქვემო ქართლში 11 003 ადამიანი დაჯარიმდა.

დაჯარიმების ფორმამ, სამართალდამცავების მიერ კონკრეტული გარემოებების გაუთვალისწინებლობამ და თუნდაც შეზღუდვის არსმა მარნეულში და მთელ ქვეყანაში, ბევრს გაუჩინა პროტესტის გრძნობა. გიორგი ჭაუჭიძის გარდა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხვებმაც მიმართეს. ოცდაათმა მოსარჩელემ, თავისუფლების ინსტიტუტის დახმარებით, კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები გაასაჩივრა.

„ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ადამიანს თავის სახლიდან სამედიცინო დაწესებულებამდე უნდოდა გადაადგილება და იგი შუა ქუჩაში გააჩერეს და დააჯარიმეს, შემდეგ სასწრაფოს გამოუძახეს და მის მიმართ კანონის აღსრულებას ჰქონდა ბლანკეტური ხასიათი. არ გაითვალისწინეს მისი რეალური მდგომარეობა, საჭიროება და ასეთი შემთხვევა იყო ბევრი, როდესაც კანონი რეალურად სრულდებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით“, - გვითხრა თავისუფლების ინსტიტუტის იურისტმა გვანცა კვარაცხელიამ.

გვანცა კვარაცხელიას აუდიო ინტერვიუ მოისმინეთ აქ:

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ დრომდე, არც COVID-19-ის რეგულაციებთან დაკავშირებულ ამ საქმეზე გამოუტანია.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ნორმა კონსტიტუციას. თუ ნორმა არაკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასმართლო მას აუქმებს და ადგენს შესასრულებლად სავალდებულო სტანდარტს, რათა თავიდან ავიცილოთ გაუმართლებელი შეზღუდვები.

რადიო „მარნეულმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, თეიმურაზ ტუღუშს, ჰკითხა, თუ რა როლი ითამაშა საკონსტიტუციო სასამართლომ პანდემიის პერიოდში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების კონსტიტუციურობის დადგენის თვალსაზრისით. მოსამართლემ წერილობით პასუხში განმარტა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ახალი გამოწვევები გააჩინა.

„ასეთ არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც სხვადასხვა ფორს-მაჟორული გარემოებების გამო, ტრანსფორმაციას განიცდის ქვეყანაში არსებული სამართლებრივი წესრიგი, სოციალური, ეკონომიკური ურთიერთობები და ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა მოითხოვს სწრაფ/ეფექტურ მოქმედებებს, გარკვეულწილად, იზრდება ძირითადი უფლებების, ინდივიდის ინტერესების მომეტებულად შეზღუდვის საშიშროება. სწორედ ამიტომაც, ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეფექტური კონტროლის განხორციელებასა და შესაბამისი სტანდარტების დადგენას. ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლომ საკმაოდ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების აღმასრულებელი ხელისუფლებაზე დელეგირების დასაშვებობასა და მის ფარგლებთან დაკავშირებით. ასევე იმსჯელა პანდემიის პერიოდში დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე. საკონსტიტუციო სასამართლო ჯერ კიდევ განიხილავს რამდენიმე კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც შეეხება პანდემიის დროს დაწესებულ სხვადასხვა შეზღუდვებს, და უნდა ველოდოთ, რომ სასამართლო ამ კუთხით კვლავ განავითარებს თავის პრაქტიკას“.

აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დელეგირების დასაშვებობაში მოსამართლე საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობაზე, გარკვეული პირობებით, სრული უფლების გადაცემას გულისხმობს, რის შედეგადაც მთავრობას შეეძლო ნებისმიერი სახის შეზღუდვა დაეწესებინა პანდემიის პერიოდში. ფაქტობრივად, საკანონმდებლო ორგანომ უარი თქვა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების განხილვაზე და პასუხისმგებლობა სრულად აღმასრულებელ ხელისუფლებას გადააბარა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: მარცხნიდან მეოთხე - თეიმურაზ ტუღუში
თეიმურაზ ტუღუში ადასტურებს, რომ ფორს-მჟორი ზრდის ძირითადი უფლებების შეზღუდვის ინტენსივობას და მათი დარღვევის საფრთხეს. შესაბამისად, მნიშვნელოვნად მიაჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროულობა პანდემიისა თუ სხვა არაორდინალური ვითარების პირობებში. თუმცა, ამბობს, რომ საქმეების განხილვის დროში გაწელვას ობიექტური ახსნა აქვს.

„თითოეული საქმის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს მთელი რიგი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, მათი შეფასება და ძირითადი უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი სტანდარტების დადგენა. ეს ყოველივე კი ობიექტურად მოითხოვს გარკვეულ დროს, რათა არ შემცირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა დასაბუთების ხარისხი ან გამოუკვლეველი არ დარჩეს რაიმე ისეთი გარემოება, რომელსაც შეეძლო გავლენის მოხდება საქმის განხილვის შედეგზე“.

საკონსტიტუციო სასმართლოს მოსამართლის ამ არგუმენტს არ იზიარებს თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი გვანცა კვარაცხელია. ის მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დროს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული საქმეების საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაჭიანურება, მოსარჩელეებისთვის უფლებების დაცვაზე უარის თქმას ნიშნავს.

„ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მოსარჩელეებს, საკანონმდებლო ორგანოს პასიურობის შემდეგ და მთავრობის ინტენსიური შეზღუდვების შემდეგ ჰქონდა, იყო საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ვალდებულებაზე უარი თქვა, რომ მყისიერად განეხილა ეს საქმეები, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში სხვადასხვა სასამართლო დროულად იღებს გადაწყვეტილებას კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით“.

ვიდრე გიორგი ჭაუჭიძე თავის „ჰაერში გამოკიდებულ“ საქმეზე გადაწყვეტილებას ელოდება, ქვეყანაში იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი. 30 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 712 დადასტურებული შემთხვევაა. ამ ფონზე სახელმწიფომ, შესაძლოა, კვლავ დააწესოს სხვადასხვა სახის შეზღუდვა. მოსარჩელე გიორგი, შესაძლოა, კვლავ ჩაკეტილ მარნეულში აღმოჩნდეს, მძიმე ავადმყოფი დედისთვის წამლის საყიდლად გასულ მარნეულელ კაცს კვლავ დააჯარიებენ, ასევე მოექცევიან საავადმყოფოში მიმავალ ცუდად მყოფ ადამიანს და ამაზე პასუხს არავინ აგებს. ადამიანის უფლებების დაცვის ერთადერთი ბერკეტი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს, გადაწყვეტილებაა. გიორგი ჭაუჭიძე არ კარგავს იმედს, რომ თავისუფლების ამ ერთ პატარა მაგალითს თავის მოსწავლეებს მაინც აჩვენებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები