მარნეულში წყალმომარაგების მშენებლობაზე დასაქმებულები ანაზღაურების აღებისათვის პროკურატურას მიმართავენ
მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე დასაქმებულებმა დღეს, 2 აგვისტოს, მერიის წინ კიდევ ერთი, უშედეგო, აქცია გამართეს.

უკვე რამდენიმე თვეა რაც დასაქმებულები კომპანია „აკელიკ გრუპისა“ და „ტერა გრუპისაგან“ კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ. თანამშრომლების უმეტესობას კომპანიებისაგან 5 თვის ანაზღაურება აქვთ ასაღები.

აქციის მონაწილეები მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან შეხვედრაზეც იმყოფებოდნენ. მედიის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ შეუშვეს. როგორც რადიო „მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, დასაქმებულებთან, რომლებიც ანაზღაურებას ვერ იღებენ, შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

შეხვედრიდან გამოსულმა დასაქმებულებმა რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ რეალური პირობა, თუ როდის მიიღებენ ისინი კუთვნილ ანაზღაურებას, კვლავ არ მიუღიათ.

„ამ ამბებს რომ ვუყურებ ჩვენი მთავრობა უკანასკნელია. ჩვენ პატრონი არ გვყავს, მთავრობა არ გვყავს და კანონი არ კანონობს. მერიაში ისევ გვითხრეს, რომ ეს პროექტი მათ არ ეხებათ და ვერაფერს გააკეთებენ. ჩვენ ახლა პარასკევს კიდევ შევიკრიბებით, უკვე ადვოკატს ავიყვანთ, საქმეში უფლებადამცველი ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან და პროკურატურაში საჩივარს შევიტანთ. საელჩოებსაც მივმართავთ და პარლამენტშიც შევიტანთ წერილს, სხვა გზა ჩვენ აღარ გვაქვს“ - აცხადებს აბაზ გუსეინოვი

„აკელიკ გრუპმა“ რომელიც მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემას აწყობდა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან „ტერა გრუპ“-თან გააფორმა. დასაქმებულებს ხელფასები ორივე კომპანიიდან აქვთ ასაღები.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აკელიკ გრუპის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ აქციებს გასულ თვეებშიც, პერმამენტულად, ატარებდნენ. ისევე როგორც ახლა, მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის მიერ მათთვის გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების აღება იყო. 26 აპრილს, „აკელიკ გრუპის“ მიერ დასაქმებულებმა მარნეულის მერიის წინ კიდევ ერთი აქცია გამართეს. ამ აქციის მსვლელობისას თანამშრომლებს ხელფასების ნაწილი გადაუხადეს და დაჰპირდნენ, რომ სრულ ანაზღაურებას მალე მიიღებდნენ, მაგრამ პირობა აღარ შეუსრულებიათ.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები