კირკიტაძის განმარტებით სულეიმანოვის მიერ „ენმ“-ს დატოვება მარნეულში გამარჯვებას ხელს არ შეუშლის
აზერ სულეიმანოვის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე ეხმიანება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კირკიტაძემ განაცხადა, რომ სულეიმანოვის მიერ პარტიის დატოვების გამო წუხს.

„პირველ რიგში ძალიან ვწუხარ, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის დიდი პარტია, ადამიანები მიდიან, ახალი ადამიანები მოდიან და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სამწუხარო ამბავია ჩვენ მარნეულში გვყავს რამოდენიმე ღირსეული კანდიდატი, მათ შორის მერობის თანამდებობაზეც და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები მიაღწევენ წარმატებას“.

აზერ სულეიმანოვმა „ენმ“-ს დატოვების შესახებ განცხადება 3 აგვისტოს, ფეისბუქ გვერდზე, გააკეთა. სულეიმანოვის განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების მიზეზი პარტიის წევრების მიერ სულეიმანოვის მომსახურების სათანადოდ არ შეფასებაა. დავით კირკიტაძემ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ „ენმ“-მ სულეიმანოვის წვლილი სათანადოდ შეაფასა, რაზეც მისი 12 წლიანი პარლამენტარობაც მეტყველებს.

„მისი წვლილი ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად დააფასა. 12 წლის განმავლობაში ის იყო პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან და რომელ დაუფასებლობაზეა საუბარი? ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები ბატონ აზერს. ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მას ჰქონდა სურვილი კენჭი ეყარა მერად, ჩვენ ამ საკითხში წინააღმდეგობა არ გვქონდა. მას დაბრკოლება იმისა, რომ ეყარა კენჭი არ ჰქონდა“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ

„ენმ“-ს პოლიტიკური საბჭოს წევრის განმარტებით, ამ ეტაპზე ცნობილი არაა თუ ვინ იქნება მარნეულის მერის კანდიდატი. მისი თქმით, პარტია 20 აგვისტომდე ყველა რეგიონში დაასახელებს მერობის კანდიდატებს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციას რეგიონებში მერობის საერთო კანდიდატის დასახელება სურს რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები