“ფაიზერის” დარჩენილი დოზები სწრაფად უნდა ავითვისოთ — გამყრელიძე
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, “ფაიზერის” ვაქცინის ის დოზები, რომლებიც დაჯავშნილი ჯერ არ არის, 350 000 ადამიანს ეყოფა. მან მოუწოდა მოსახლეობას, დროულად აითვისონ დარჩენილი მარაგი.

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში “ფაიზერით” აცრების დაწყებიდან დღემდე, უკვე ადმინისტრირებულია ნახევარ მილიონზე მეტი დოზა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ვაქცინა საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია.

“ანუ, [თავდაპირველად შემოტანილი] მილიონ-ნახევრიდან სექტემბერს შევხვდით მილიონი დოზა “ფაიზერით” და აქედან 300 000 დოზა უკვე არის დაჯავშნილი. შესაბამისად, გვრჩება ასათვისებელი 700 000 დოზა.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს 350 000 ადამიანის [სამყოფი] დოზა “ფაიზერი”, რომელიც აუცილებელია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად ავითვისოთ. სწრაფად ათვისება ნიშნავს კარგ კუმულაციურ იმუნიტეტს და ეპიდემიის უფრო სწრაფად შეჩერებას”, — დასძინა მან “ფორმულას” ეთერში.

ამირან გამყრელიძის თქმით, არსებულ დოზებს ვადა ნოემბრის ბოლომდე აქვს.

2 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 235 386 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 813 601 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 28.5%. სრულად ვაქცინირებულია 421 785 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 14.8%.


წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები