„საქართველოსთვის“ მარნეულის შტაბის უფროსი ხელისუფლებას და სუსს პარტიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს
პარტია „საქართველოსთვის“ მარნეულის შტაბის უფროსი და პარტიული სიის პირველი ნომერი დავით გურგენიშვილი პარტიის წევრებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. გურგენიშვილის განმარტებით პარტიის ორი წევრი და საკრებულოს წევრობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააშინა და გადაიბირა.

„დარღვევები ძალიან ბევრია, ზეწოლის ფაქტებიც არია. კონკრეტულად, ჩვენმა ორმა პარტიის წევრმა ზეწოლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება და განცხადება დაწერა სიიდან ამოსვლაზე. სიის მესამე ნომერმა გუნაი ეთირმიშლიმ და სიის მეხუთე ნომერმა და ამავდროულად ყულარი-ქუთლიარის მაჟორიტარობის კანდიდატმა საფარ პირიევმა დაწერეს განცხადებები. ზოგ შემთხვევაში იყო გადაბირების ფაქტი, ხოლო ზოგ შემთხვევაში მუქარაც კი იყო, მაგალითად გუნაი ეთირმიშლთან დაკავშირებით“ - განაცხადა დავით გურგენიშვილმა

გურგენიშვილის განმარტებით, მიუხედავად ზეწოლის ფაქტებისა პარტია „საქართველოსთვის“ მარნეულში აქტიურად აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას.

„მუდმივი შეხვედრები მაქვს ყველა საკრებულოში. მაგალითად, გუშინ ვიყავი კაპანახჩის საკრებულოში, წერეთელის და თამარისის საკრებულოში, პარალელურად ვიყავით მარნეულის მწვანე ბაზარში და გავაცანით მოსახლეობას ჩვენი თავი, ჩვენი პარტია. პრობლემები ძალიან ბევრია და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ მარნეულში პრობლმებს რა დალევს. გუშინ ვიყავი შეხვედრაზე ახალ დიოკნისში და სასმელი წყლის პრობლემა აქვთ. კაპანახჩის საკრებულოს რაც შეეხება სარწყავი წყლის პრობლემაა, მთლიანი მოსახლეობა სოფლის მეურნეობითაა დაკავებული და შეუძლებელია პროდუქციის მოყვანა წყლის გარეშე“.

დავით გურგენიშვილი მოსახლეობას ჰპირდება რომ საკრებულოს წევრად გახდომის შემთხვევაში იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანას შეეცდება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არ დასრულებულია. ასეთი პროექტებია წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა, რასთან დაკავშირებითაც დასაქმებულები პერმამენტულ აქციებს მართავენ და მარნეულის ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია.

გურგენიშვილის განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც სამართლიანად და კეთილსინდისიერად იბრძვის პოლიტიკურ ველზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან მარნეულის საკრებულოში მოსახვედრად პარტია „საქართველოსთვის“ რიგებიდან ბრძოლა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია