ეთნიკურობა და კომპეტენცია - როგორ ნიშნავენ მერობის კანდიდატებს მარნეულში
კანდიდატის ეთნიკურობა და მისი პოლიტიკური წარსული - 2017 წლიდან მარნეულის მერობის, მაჟორიტარობისა თუ დეპუტატობის კანდიდატები სწორედ ამ ორი კრიტერიუმით ირჩევა. პირველი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მერი მარნეულს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ჰყავდა, მაგრამ გასულ წლებში სიტუაცია სრულიად სხვანაირი იყო. მუნიციპალიტეტში, რომლის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას ეთნიკური უმცირესობა წარმოადგენს აზერბაიჯანელი მერი/გუბერნატორი არ ჰყოლია. თანამედროვე დემოკრატიისათვის მერის კანდიდატის ეთნიკურობა მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, რადგან მთავარი, რითაც მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ კანდიდატის წარსული გამოცდილება და კომპეტენტურობაა. მიუხედავად ამისა, მარნეულში მერის კანდიდატების დანიშვნის განსხვავებულ პრაქტიკას ვხედავთ.

ქენან ომაროვი „ქართული ოცნებიდან“, ელდარ მუსტაფაევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ახმედ იმამკულიევი „ევროპული საქართველოდან“ - ეს სამი კანდიდატი მარნეულის მერობისათვის ორი ოქტომბრის არჩევნებზე იბრძოლებს.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულში მხოლოდ სამი მერობის კანდიდატი დარეგისტრირდა და სამივე მათგანი ეთნიკურად აზერბაიჯანელია. მარნეულის მოსახლეობის დაახლოებით 83% ეთნიკურად აზერბაიჯანელია, შესაბამისად არც ისაა გასაკვირი, რომ მერობის სამივე კანდიდატი ამავე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, მაგრამ დიდი ხანი არაა, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან მარნეულის მერობისათვის იბრძვიან.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი თავდაპირველად ამირან გიორგაძე იყო, მაგრამ მისი კანდიდატურა არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე თემურ აბაზოვის კანდიდატურით ჩაანაცვლეს. მარნეულელების უმრავლესობისათვის სრულიად უცნობმა კანდიდატმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა, ოპოზიცია არჩევნების დროს გაყალბებებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ აბაზოვმა გამარჯვება მხოლოდ არჩევნების გაყალბებით მოიპოვა, მაგრამ ფაქტი ერთია, ამ დღიდან მარნეულს პირველი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მერი ჰყავდა.

„2016 წელს საქართველოში იყო საპარლამენტო არჩევნები და მაშინ მარნეულში იყო ძალიან დიდი განვითარება, ძალიან დიდი პოლიტიკური ჩართულობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხდა მოსახლეობის პოლიტიკური გაღვიძება. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ახმედ იმამკულიევსა და ქართული ოცნების კანდიდატ თამაზ ნავერიანს შორის მოხდა ბრძოლა. იყო მეორე ტურიც, მაგრამ მოქალაქეების მეტი აქტივობაც იყო, ასევე სხვა საგარეო ძალები იყო ჩართული და იყო ძალიან დიდი ჩარევა ამ არჩევნებში და ვფიქრობთ, რომ ამის შემდეგ დადგა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბედი. ამ პოლიტიკური შეთანხმების შედეგად, რომ თუ არჩევნებში თამაზ ნავერიანი გაიმარჯვებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერის კანდიდატი აზერბაიჯანელი იქნებოდა“ - გვიყვება მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა

ბაირამოვას განცხადებით, 2017 წლის მოვლენების შემდგომ მარნეულში მდგომარეობა გარკვულწილად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მერი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო ეს მოსახლეობისათვის ბევრს არაფერს ნიშნავდა, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია სიმბოლურია.

„ამ პერიოდშივე შეიცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი და ამ ცვლილების შემდეგ შეიქმნა საკრებულო და მერია. მანამ იყო გამგეობა, რომელსაც უფრო მეტი სამართლებრივი სტატუსი, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დღეს მერსაც ასეთივე პასუხისმგებლობა აქვს. რა თქმა უნდა, თუ ვსაუბრობთ რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების პოლიტიკური ჩართულობა ძალიან მნიშნველოვანია, მაშინ მათი წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში მუნიციპალიტეტში მათი რაოდენობის პროპორციული უნდა იყოს. მარნეულში არის 90%-მდე სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგნელები, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობაში პროცენტულად ძალიან ცოტა ეთნიკური უმცირესობის წამომადგენელია დასაქმებული. არა მარტო ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალურ დონეზეც ეთნიკური უმცირეოსბების წარმომადგნელები არ არიან წამყვან პოზიციებზე და გადაწყვეტილების მიმღების როლში. სამწუხაროდ დღემდე მათი როლი და ფუნქცია არის სიმბოლური და ფორმალური“

ბაირამოვას განმარტებით, მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მერი არა მოსახლეობის ინიციატივით არამედ პოლიტიკური სუბიექტების შეთანხმების საფუძველზე გახდა. მისი განმარტებით, სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული ინტეგრაციის პოლიტიკა, რის გამოც აღნიშნული სახის პოლიტიკური მოვლენები მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმების საფუძველზე ხდება.

არჩევანის გაკეთების დროს კანდიდატის ეთნიკურობას მნიშვნელობას არ ანიჭებს ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა. მათი განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მერობის კანდიდატი ისეთი ადამიანი იყოს ვინც რეალურად საქმეს გააკეთებს, ხოლო მისი ეთნიკურობა მეორე და მესამე ხარისხოვანია. მაგრამ მოქალაქეების ნაწილს მაინც უხარია, რომ მერი მათი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, ფიქრობენ, რომ ასე მათი პრობლემები უფრო ადვილად აღსაქმელი და მოგვარებადია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დამფუძნებელი თამთა მიქელაძე თვლის, რომ იმ რეალობაში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა საგრძნობლად დაბალია, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყონ ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებიდან ახალი ლიდერების გამოვლენას და მათ წარდგენას მერობის კანდიდატებად. მისი განმარტებით, როდესაც პოლიტიკოსებისა და პოლიტიკურ პარტიებში ეთნიკური უმცირესობების რეპრეზენტაციაზეა საუბარი ხშირად გაბატონებული წარმოდგენა არსებობს, რომ ეთნიკური საკითხი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ჩვენ კანდიდატები მოქალაქეების პრინციპზე, კვალიფიკაციის მიხედვით და გამოცდილების საფუძველზე უნდა შევარჩიოთ და ეთნიკური ფაქტორების მხედველობაში მიღება არასწორია თანამედროვე, სამოქალაქო ნაციონალიზმზე დაფუძნებული დემოკრატიებისათის, თუმცა ძალიან ხშირად სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოები სვავენ კითხვას თუ რამდენად არიან წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პოლიტიკურ პროცესებში და რამდენად არიან ისინი რეპრეზენტირებული სხვადასხვა ძალაუფლების რგოლებში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დამფუძნებლის განმარტებით, როდესაც საუბარია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობასა და მათ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებაზე ხშირად ხდება აპელირება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ პოლიტიკური სუბიექტებისთვის კვალიფიციური და პროფესიონალური კადრების შერჩევაა პრიორიტეტი. მისი თქმით, რთულია გაიზიარო პარტიების დამოკიდებულება, რომ ეთნიკურ უმცირესობებში სათანადო კადრებს ვერ პოულობენ, რადგან ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც მარნეულის საკრებულოში წარმოდგენილი ეთნიკურად ქართველები, ან იქ დასაქმებული თანამშრომლები ბრწყინვალე კვალიფიკაციის არიან. მიქელაძის განმარტებით, მარნეულის საკრებულოს მუშაობაზე დაკვირვების შემდგომ ძალიან კარგად გამოჩნდა სერიოზული კრიზისი და ძალიან დაბალი დონე პროფესიონალიზმის, ამიტომ მისი აზრით პროფესიულ კადრებზე ხაზგასმა ეთნიკური უმცირესობების მიმართ გადაჭარბებული კრიტერიუმია. მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებში ბევრია ისეთი პირი ვინც ძალიან კარგად ფლობს სახელმწიფო ენას და თავისი საქმის პროფესიონალია, ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა სწორედ მათ წარმომადგენლობაზე უნდა იზრუნონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები