მარნეულელი საჯარო მოხელეების და აქტივისტების 2021 წლის დადებითი და უარყოფითი შეფასება
ინფრასტრუქტურული პროექტები და პოლიტიკური მოვლენები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც ყურადღებას ჩვენი რესპონდენტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ამახვილებენ და 2021 წელს აჯამებენ. კენან ომაროვი ორი თვეა, რაც მარნეულის მერი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ რადიო მარნეულის კითხვებს ის ხშირად წერილობით პასუხობს. ასე მოხდა დღესაც, როდესაც 2021 წლის შეფასება და დადებითი და უარყოფითი მოვლენების გამოყოფა ვთხოვეთ. მერი ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას მიიჩნევს.

„2021 წელს საერთო ჯამში დადებითად შევაფასებ. პანდემიის მიუხედავად შესრულდა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. კორონა ვირუსის მართვისა და პრევენციის მიმართულებით მუნიციპალიტეტში დადებითი მაჩვენებელია, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამ წელში ბიუჯეტი კიდევ გაიზარდა რაც შემდეგ წელს მეტი შესაძლებლობების საშუალებას მოგვცემს. დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური პროექტები. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში თითოეული მოქალაქის საჭიროება მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს“ - ამბობს ქენან ომაროვი.

სამირა ბაირამოვა მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტია, ფიქრობს, რომ 2021 წელი უმეტესად ნეგატიური მოვლენებით იყო დატვირთული. მთავარ გამოწვევად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს მიიჩნევს. დადებით მოვლენად კი საკრებულოში ქალების გამოჩენა და მარნეულის რამდენიმე სოფელში საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა ახსენდება.



“პირველი ალბათ დავიწყებ იქიდან, რაც მარნეულში მოხდა, მარნეულის მერიის თანამშრომლების სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება, მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო. ასევე სამწუხარო ფაქტი იყო წელსაც წინასაარჩევნო პროცესებში დაპირისპირება. ასევე იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომელმაც ნოვრუზ ბაირამზე კომენდანტის საათი არ გააუქმა. შესაბამისად, მარნეულში ჩემი ორგანიზებით მოხდა დიდი აქცია, რომელიც ჩვენ მეგობრებთან, მხარდამჭერებთან ერთად მაინც აღვნიშნეთ. ამით ვაჩვენეთ მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ არ შეიძლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და უთანასწორობის შექმნა საზოგადოებაში. რაც შეეხება კარგ მოვლენებს, არ ვიცი რა დავასახელო, მაგრამ შეიძლება კარგი მოვლენა იყოს ის, რომ მარნეულის საკრებულოში არის ქალი დეპუტატები. კანონში ცვლილების და კვოტირების თანახმად მაინც ერთ-ერთ კარგ მოვლენად შემიძლია დავასახელო. ასევე კარგი მოვლენა იყო ის, რომ რამდენიმე სოფელში გაიხსნა ახალი თანამედროვე სკოლა, სადაც ჩვენ ბავშვებს ექნებათ საშუალება ისწავლონ კარგ გარემოში“
- ამბობს სამირა ბაირამოვა

ადილ ალიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი მოწვევის წევრია. ის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის კომიტეტის თავმჯდომარეა. ადილ ალიევი მარნეულში მიმდინარე დადებით მოვლენად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებს. წლის უარყოფით ფაქტად კი კომპანია „აკელიკის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებს აღიქვამს.



“როგორც ყოველ წელს, რამდენიმე გამოწვევა წელსაც მოგვარდა. მაგალითად საბირქენდის სკოლის მშენებლობის დაწყება, იმირის შიდა გზის მოასფალტების დაწყება. ოფრეთის და ხოჯორნის შიდა გზის მოასფალტება. ბეითარაფჩის სასმელი წყლის მოგვარება და ა.შ ეს არის დადებითები, რაც გუნდურად იყო მიღწეული. უარყოფითი მოვლენა ჩემთვის არის „აკელიკის“ მიერ შესრულებული სამუშაო, რომელმაც სერიოზული პრობემა შეუქმნა მოქალაქეებს. 2022 წელს, ჩემი მოლოდინი და სურვილია, რომ მოქალაქეები უფრო მეტად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში“ - ადილი ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის თავმჯდომარე“

2021 წელი შეგვიფასა კიდევ ერთმა მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა რაშან ზიადალიევმა. ზიადალიევი ამბობს, რომ მისთვის 2021 წელს უფრო მეტი უარყოფითი მოვლენა მოხდა, ვიდრე დადებითი. ამიტომ ის ამ გამოწვევებზე საუბრობს.



“პირველი, რომელსაც ნეგატიურ მოვლენად გამოვყოფდი, ეს არის დმანისის კონფლიქტი 2021 წლის 17 მაისს, დმანისში, კონფლიქტი მოხდა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ამ მასობრივმა დაპირისპირებებმა, ჩემი აზრით, დიდი გავლენა მოახდინა მშვიდობის მშენებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე. ამიტომ, 2022 წელს უფრო ყურადღებიანები უნდა ვიყოთ და უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ ერთმანეთის გაცნობისა და სამოქალაქო პოლიტიკაზე. მეორე ნეგატიურ მოვლენად ადგილობრივ თვითმმართველობის არცევნებს აღვიქვამ. ადგილობრივი და საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციების მიხედვით, თვითმმართველობის არცენები ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო ადგილობრივი დემოკრატიის შექმნისა და განვითარებისთვის. ვხედავდით, რომ მარნეულში დაფიქსირდა ბევრი დარღვევა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასევემ არჩევნების დღეს”

ნატო სამხარაძე მარნეულის სოფელ დაშტაფას საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობს. პედაგოგი თვლის, რომ 2021-მა წელმა და პანდემიამ საგანმანათლებლო სიტემაზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა მთავრ მიღწევად კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას და სწავლებას ასახელებს.



“უარყოფით მოვლენა, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც და ზოგადად ჩვენი სკოლისთვისაც იყო ის, რომ 2021 წელი ისევ პანდემიასთან ერთად, ონლაინსწავლებით დავიწყეთ. რთული იყო ძალიან, ბავშვები რეჟიმიდან ამოვარდნენ. ნელ-ნელა ჩავდექით ფორომაში. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, სკოლაში გვყავდა ბევრი სტუმარი და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ კორონავირუსთან ერთად ვისწავლეთ ცხოვრება. როგორ უნდა ვისწავლოთ ისე, რომ არ ჩავიკეტოთ. იმედია, 2022 წელს საერთოდ აღარ გვექნება ეს პრობლემა“ - ამბობს ნატო სამხარაძე.

რადიო „მარნეული“ 2021 წლის შემაჯამებელი კომენტარის აღებას სხვა საჯარო მოხელეებისგანაც ეცადა. უმეტესმა მათგანმა კომენტარზე უარი განაცხადა, ნაწილმა არ გვიპასუხა, ზოგმა კი დროის უქონლობის გამო მოგვიანებით დაკავშირება შემოგვთავაზა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები