მე ვარ ქართველი აზერბაიჯანელი, მაშასადამე ვარ ევროპელი - რატომ წავიდნენ ადგილობრივები 20 ივნისის აქციაზე
„შინ ევროპისკენ!“ - 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამძირზე ათასობით ადამიანი ერთი იდეის გარშემო შეიკრიბა და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფება.

აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდნეტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგნელები და ა.შ. რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი არ უნდა დაკარგოს.



თბილისში გამართულ აქციას ქვემო ქართლში მომუშავე სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას უფლებადამცველმა და სამოქალქაო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ არჩევანი ევროპაზე გააკეთა, სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა საკუთარი და თანამოაზრეების არჩევანი დაეცვა და აქციაზე გასულიყო.

„ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი რათა ჰარმონიულად, მშვიდად ვიცხოვროთ ერთი ქოლგის ქვეშ, ყველა სახის დისკრიმინაციის, მიუღებლობის გარეშე ჰარომნიულად უნდა ვიცხოვროთ ევროპაში. დიდი ხანია ევროკავშირს საქართველოსათვის დიდი სიკეთეები მოაქვს, წლების განმავლობაში დემოკრატიული განვითარებისათვის დიდ ფინანსებს გამოყოფს, ასევე სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკური ჩართულობის კუთხით არაერთი პროექტი და დაფინანსება აქვს. ჩვენ მთავარ მხარდაჭერას და სიკეთეს ვხედავთ ევროკავშირში. ევროკავშირში გაწევრიანება არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავტოვებთ ჩვენს ქვეყანას და უკეთეს ქვეყანაში წავალთ, უბრალოდ როდესაც ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით არ დაგვჭირდება აქედან წასვლა, რადგან უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქნება. რა თქმა უნდა, როგორც რიგით მოქალაქეს მინდოდა რომ ჩემი ხმა მივაწოდო მთელ საზოგადოებას, გუშინ იყო ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ერთად კიდევ ახალი ისტორია დავწერეთ რუსთაველზე პარლამენტის წინ და რა თქმა უნდა, ძალიან საამაყო იყო გუშინდელი დღე“. - განაცხადა სამირა ბაირამოვამ

ბაირამოვას განცხადებით, 20 ივნისს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მზად არიან ევროკავშირისათვის მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა.

სამირა ბაირამოვა, 20 ივნსის აქციაზე სიტყვით გამოვიდა

აქციას შეუერთდა „სოლიდარობის მუზეუმის“ დამფუძნებელი ელნურ ალისოიც, რომელიც აცხადებს, რომ ახლა საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება. აქციაზე წასვლა კი სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის იმედით გადაწყვიტა.

„ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების წინდ ვდგავართ როგორც ქვეყანა და ხალხი. მიმაჩნია, რომ საქართველოს ბედი წყდება, იქნება იგი ევროპული ფასეულობების მატარაბელი თუ დარჩება უთანასწორო, უსამართლო სისტემის გაგრძელება. მეც და ჩემი მეგობრებიც გუშინ წავედით აქციაზე, რადგან გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, იმ მომავლის რომელიც უბრალოდ კი არ გვპირდება, არამედ გვაძლევს შესაძლებლობას ავაშენოთ თანასწორი, სამართლიანი, სამართლებრივი და თავისუფალი სახელმწიფო, ევროპული ფასეულობებით. საქართველოს აზერბაიჯანულენოვან თემს სხვადასხვა ბარიერების გამო ინფორმაცია არ აქვს თუ რას ნიშნავს საქართველოს ევროპეიზაცია და ევროკავშირში გაწევრიანება, რა სარგებელი მოაქვს ამას. და ამ მომენტში ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტებს, ახალგაზრდებს და იმათ ვისაც აქვთ ამაზე სანდო ინფორმაცია გვევალება გავხდეთ ცოცხალი მაგალითი და შუქურა, ავუხსნათ და ვაჩვენოთ სწორი გზა რომ გააკეთონ სწორი არჩევანი. როგორც რიგითი მოქალაქე ვიდექი აქციაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად და გამოვხატე ჩვენი მოთხოვნა, რომ შესაბამისმა პირებმა და უწყებებმა გააკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობაის კანდიდატი“. - აცხადებს ელნურ ალისოი

სოლიდარობის მუზეუმის დამფუძნებელი ელნურ ალისოი

სამოქალაქო აქტივისტის ნაშირ ორდუხანოვისათვის ევროპა თავისუფლებასთან, განვითარებასთან და შესაძლებლობებთან ასოცირდება. აცხადებს, რომ ევროპა არის ადგილი, სადაც აფასებენ ადამიანს, იცავენ მის უფლებებს და აძლევენ შესაძლებლობებს, სწორედ ამიტომ მისთვის ევროპა ბედნიერების სიმბოლო და მაგალითია. ორდუხანოვის განცხადებით, ის და მისი მეგობრები აქციას სწორედ ბედნიერების დასაცავად შეუერთდნენ.

„ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების წინაშე ვდგავართ, ჩვენ 26-ში ველოდებით პასუხს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატურასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გუშინ თითოეული ჩვენგანის რუსთაველზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს ჩვენ გუშინ ფიზიკურადაც ვაჩვენეთ. გვინდოდა რომ ყველასათვის გვეჩვენებინა ჩვენი არჩევანი, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა და ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იცხოვრონ ევროპაში“.
ბოლნისელი აქტივისტი ნაშირ ორდუხანოვი, 20 ივნისის აქციაზე(ცენტრში)

პლატფოტმა „სალამის“ წევრი აითაჯ ხალილი აცხადებს, რომ როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ის ვალდებული იყო საქართველოს სწორი გზის დასაცავად აქციაზე გასულიყო.

„მე მჯერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის უკეთესი ცხოვრების პირობების გარანტი. ევროპა არის იმ ღირებულებების მატარებელი რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიბრძვით, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, მოქალაქე. მჯერა, რომ ჩვენ, ჩვენი ბრძოლის გამო ვიმსახურებთ, ევროკავშირში გაწევრიანებას. როდესაც ასეთი შეხვედრები იქნება როგორც ერთ-ერთი მოქალაქე მეც იქ დავდგები“. - აცხადებს აითაჯ ხალილი


აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილიაა“. აქციის მონაწილეებს მიმართავდნენ სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლები, მსახიობები, სტუდენტები და სხვა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები