ჩვენც, როგორც საქართველოს აზერბაიჯანლები, მთელ საქართველოსთან ერთად ვართ - სამირა ბაირამოვას გამოსვლა აქციაზე "შინ ევროპისკენ"
დღეს, 24 ივნისს, რუსთაველის გამძირზე აქცია "შინ ევროპისკენ" იმართება. აქციაზე გაჟღერდა დეოლიგარქიზაციის მოთხოვნები და ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატურის შესახებ.

მრავალ გამომსვლელთა შორის მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვაც.

"მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ დღეს მთელი საქართველო აქ არის და ქვემო ქართლი ასევე საქართველოა და მეც აქ ვარ. მე ვარ ქართველი აზერბაიჯანელი, მაშასადამე მეც ვარ ევროპელი. ჩემი სახელისა და გვარის გამო გეშინიათ? მგონი არა, მაგრამ ამ მთავრობას და ამ მოძალადე სისტემას ეშინია. მე ვარ იმ ადამიანის შვილიშვილი, ფარიხანუმ სოფიევასი, რომელიც პირველი მუსლიმი ქალი პოლიტიკოსი იყო საქართველოდან. მე ვარ იმ ადამიანის შვილიშვილი, ხუდი ბორჩალოსი, რომელიც ერეკლე მეფეს ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ჩვენ ერთად ძლიერი ვართ. მე კი არა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები თუ სხვა ეთნიკური უმცირესობები კი არა რუსეთი არის ის ვინც ყოველთვის შუღლს თესავს საქართველოში. როგორც ჩემი წინაპრები იყვნენ საქართველოს ყველაზე მშრომელი, გულიანი მოქალაქეები, ასევე მეც ვარ თქვენთან ერთად ყოველთვის, როგორც იყვნენ საქართველოს ერთგული მოქალაქეები და დღეს აქ ვარ რომ ვაჩვენო, რომ ჩვენც, როგორც საქართველოს აზერბაიჯანლები, მთელ საქართველოსთან ერთად ვართ. მეგობრებო, ყოველთვის სხვადასხვა ჯგუფების სიძულვილის ენის ობიექტი ვარ იმის გამო, რომ დავით გარეჯის ამბავს მე მაბრალებენ, მაგრამ მე ვარ საქართველოს მოქალაქე. კი, აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ მე გეკუთვნით თქვენ და არა სხვას, თქვენ უნდა მოითხოვოთ ამ პრობლემის გადაჭრა მთავრობისაგან, რადგან ეს ყველაფერი მათი პრობლემაა. ჩვენ ერთად ძლიერი ვართ".
- სამირა ბაირამოვა

აქციები საქართველოს პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეფორმების განხორცილებისათვის 6 თვიანი ვადა მიეცა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები