აივნის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს მერია 10 000 ლარით დაეხმარება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ნარიმანოვის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს ფულად დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, 29 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განცახადა. დეპუტატებმა წუთიერი დუმილი მიაგეს გარდაცვლილებს.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენს მუნიციპალიტეტში მოხდა ძალიან  ცუდი ფაქტი, რომელსაც შეეწირა ორი ქალბატონის სიცოცხლე. ძალიან განვიცდით ამ ამბავს ყველა. მე მინდა, საკრებულოს და მერიის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს და ახლობლებს. ადგილობრივი თვითმმართველობა და საკრებულო ჩართული არიან იმ პროცესში,რომ ოჯახები არ დარჩნენ ყურადღების გარეშე. იქნება ფულადი დახმარება. ეს არ იქნება ერთჯერადი.ჩვენ გვექნება კავშირი ოჯახთან და ნებისმიერ საკითხზე მზად ვართ დავეხმაროთ ამ ოჯახებს“


როგორც საკრებულოს თავმჯდომარე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, საცხოვრებელი კორპუსის აივნების ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს 10 000 – 10 000 ლარს გადასცემს.

26 ივნისს, ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის ორი აივნის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

29 ივნისის საკრებულოს სხდომაზე სულ 3 საკითხი განიხილეს და სამივე მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.  საკრებულოზე შელაპარაკება მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნარგიზა ალიევასა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეს შორის. სხდომის დაწყებამდე ალიევამ განაცხადა, რომ სურდა 26 ივნისს მარნეულში მომხდარი ტრაგედიის გამო დეპუტატებს წუთიერი დუმილი მიეგოთ. ამირან გიორგაძემ ალიევას საპასუხოდ თქვა, რომ მას სხდომა ჯერ გახსნილად არ გამოუიცხადებია და იმავეს გაკეთებას თავადაც გეგმავდა.

საკრებულოს სხდომა სრულად იხილეთ აქ:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები