კიროვკის სახელდებაზე მერიის განმარტებას „სალამი“ დეზინფორმაციას უწოდებს
პლატფორმა „სალამი“ 14 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, მერიის სახელდების კომისიის წევრის, ირინე მაჭარაშვილის, მიერ სოფელ კიროვკის სახელდებასთან დაკავშირებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს.

„რამდენიმე კვირის წინ, როგორც პლატფორმა სალამი ვმონაწილეობდით შეხვედრაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგნელები, ასევე, კომისიასთან არსებული სამეცნიერო ჯგუფი, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს, საკვლევ და სამეცნიერო ინსტიტუტებს და რომლებიც ასევე მუშაობნენ სოფელი კიროვკის სახელდების საკითხებზე მიმდინარე სამუშაო პროცესში. ამ შეხვედრაზე დაფუძნებით, ვაცხადებთ, რომ ქალბატონი ირინე მაჭარაშვილის პასუხი, რაშან ზიადალიევის კითხვაზე, იყო დეზინფორმაცია და სიცრუე. და შევეცდებით განმარტოთ თუ რატომ ვფიქრობთ ასე“.

საკრებულოს სხდომაზე ირინე მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ კიროვკელების მოთხოვნილი სახელი „მამეი“ ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. ცნობებია სახელწოდება „მამაი“-ს შესახებ ხოლო ეს სახელი ორ ისტორიულ ფიგურას შეიძლება უკავშირდებოდეს. მაჭარაშვილის განმარტებით მამაი შესაძლოა იყოს დაკავშირებული ოქროს ურდოს მთავარსალის ან წმინდანის სახელთან. სწორედ ამ განცხადებას უწოდებს დეზინფორმაციას პლატფორმა „სალამი“.

„პირველი, მუნიციპალიტეტის სახელდების კომისიის წევრები, მეცნიერები სხვადასხვა ინსიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან დაზუსტებით და მტკიცებით ფორმაში განაცხადეს, რომ სახელწოდება მამაი შეუძლებელია იყოს დაკავშირებული ოქროს ურდოს სარდალთან. ეს იყო მეცნიერ-მუშაკების და მკლევრების პოზიცია და აღნიშნულის კიდევ ერთხელ, ამ ფორმით გამეორება მუნიციპალიტეტის მხრიდან არის პრობლემური, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმაცია.
მეორე, მეცნიერებმა და მკვლევარებმა მერიის წარმომადგენლებთან და ჩვენთან საუბარში გაანცხადეს, რომ შესაძლოა ეს სახელწოდება წმინდა მამაითან იყოს დაკავშირებული, თუმცა მათი აზრით, ესეც ნაკლებად სავარაუდოა. აღნიშნული არის დაშვება და არ მტკიცდება მეცნიერების მხრიდან. შესაბამისად, ამ არგუმენტის გამეორება თვითმმართველობის მიერ არის მანიპულაცია და არა სიმართლე.
მუნიციპალიტეტის ოფიციალური პოზიცია მამეისთან დაკავშირებით არის ის, რომ ისტორიულ წყაროებში ამ ფორმით ეს სახელწოდება არ გვხვდება და ისტორიულად ეს არის მამაი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი განმარტავს, რომ დაუშვებელია სოფელს დაერქვას მამეი (ერთი ასოს განსხვავების გამო). თუმცა, მუნიციპალიტეტმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურ ვერსიად გაუგზავნა სახელწოდება „მეგობრობა“, რომელიც ასევე, არასდროს არ ყოფილა ისტორიულ წყაროებში. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანულ ენაში არსებული ბგერა Ə ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც „ე“ და ასევე როგორც „ა“, შესაძლოა დავუშვათ, რომ ზეპირსიტყვიერებაში ბგერებმა „ე“ და „ა“ ერთმანეთის ჩანაცვლებით იყოს გამოყენებული“.
- აღნიშნულია პლატფორმა „სალამის“ განცხადებაში

„სალამის“ განმარტებით, ორგანიზაცია კიროვკელებთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს მოსახლეობის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობამდე მიიტანოს. განცხადების თანახმად, ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია ცდილობს სოფელში ჩაატაროს სოფლის საერთო კრება სადაც მოსახლეობა განიხილავს სოფლისათვის სახელის მინიჭების საკითხს, მაგრამ ადგილობრვივი თვითმმართველობა მათ არ აწვდის საჭირო დოკუმენტაციას სოფლის კრების კანონის ფარგლებში, ლეგიტიმურად და სამართლებრივად ჩასატარებლად.

„აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მარნეულის მუნიციპალიტეტს, უპასუხოს ჩვენს განცახდებას ოფიციალურად და გადმოგვცეს საჭირო დოკუმენტაცია სოფლის კრების ჩასატარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვგეგმავთ მაინც ჩავატაროთ დასახლების საერთო კრება ამ საკითხზე. კიდევ ერთელ გვინდა ავღნიშნოთ, სოფლის მოსახლეობა ემხრობა სახელწოდებას მამეის. იმ რელოაბში, როცა ეს სახელწოდება არის მოსახლეობის ნება და არ მტკიცდება, რომ ეს სახელწოდება დაკავშირებულია რომელიმე ნეგატიურ კონოტაციის მქონდე პიროვნების სახელწოდებასთან, ადგილობრივი მოსახლეობის ნების უგულებელყოფა დაუშვებელია. მით უფრო, მსგავსი სახელის მქონე ნეგატიური ისტორიული თუ გამოგონილი პირების მოშველიება უარყოფითი პასუხის არგუმენტად, ჩვენი შეფასებით ადგილობრივი მოსახლეობის უფლების უხეში დარღვევაა“.

პლატფორმა „სალამი“ მუნიციპალიტეტს, ცენტრალურ ხელისუფლებას, მეცნიერ-მუშაკებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სხვა სათემო აქტივისტებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით და არ მისცენ მუნციპალიტეტის გარკვეულ თანამშრომლებს ამ საკითხით მანიპულიების თუ დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა.

რა თქვეს მერიაში:

სოფლების სახელდების კომისიის წევრის, ირინე მაჭარაშვილის, განმარტება სოფელ კიროვკასათვის სახელ „მამეის“ არდარქმევასთან დაკავშირებით.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ჩვენ ჩართული გვყავს გეოგრაფიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვიკვლევთ საარქივო მასალასაც, შესაბამისად პროცედურების დაცვით განხორციელდა ამ საკითხის შესწავლა, მოსახლეობასთან შეხვედრა. როგორც მოგეხსენებათ, აქ არის რკინის მეტალურგიის უძველესი კერა, ასევე ჩვენ ერთი ვერსია გვქონდა ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის აღსანიშნავად, მეგობრობა დაგვერქვა სოფლისთვის. ძველი სახელები არის რიყისპირი და ვაზისკიდე, შესაბამისად რამოდნეიმე ვერსია არის წარმოდგენილი და მათ შორის მეგობრობა წარდგენილი არის მოქმედ სამთავრობო კომისიაში დასკვნის მისაღებად. სავარაუდოდ მომდევნო სხდომებზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება და გვეცნობება ამ საკითხთან დაკავშირებით. სოფლის მოსახლეობის მიერ წარდგენილი სახელი მამეი არსად ფიქსირდება, ჩვენ მოვიძიეთ ისტორიული მასალა. შესაბამისად, ტოპონიმი მამეი არც მეცხრამეტე საუკუნეში, არც მეოცე საუკუნეში არ არის ასახული. ამიტომ ჩვენ ვართ მოკლებული უფლებამოსილებას ეს სახელი ვუწოდოთ. გამომდინარე იქედან, რომ გარკვეულწილად ამ სოფელს ერქვა მამაი, მამაის სახელზე ორი ვერსია არის, ერთი ვერსია უკავშირდება ქრისტიანულ წმინდანს მამაი, ხოლო მეორე ვერსია უკავშირდება, სავარაუდოდ, ოქროს ურდოს სარდალს მამაი. შესაბამისად ეს ვერსიებიც არის ნაკლებად მისაღები და რატო, ოქროს ურდოს სარდლის სახელი ვერ დაერქმევა სოფელს, ხოლო წმინდანის სახელი ვერ დაერქმევა, რადგან ჩვენ ვითვალისწინებთ რწმენას, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას აქვს და ამიტომ უფრო მართებული იქნება მივიღოთ გადაწყვეტილება შემდეგ სახელებზე. ერთი - მეგობრობა, რომელიც დღევანდელ პერიოდში ძალიან კარგად ასახავს მშვიდობიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს ერებს შორის და მეორე - ტურიზმის პოპულარიზაციისთვის და ასევე იმისთვის, რომ ჩვენ ვიცით რომ აქ არის ძალიან ბევრი უძველესი არტეფაქტი აღმოჩენილი. როგორც მოგეხსენებათ მწვანე გორა, ეს არის უნიკალური რადგან რკინის მეტალურგიის მაღაროებია აღმოჩენილი და იმისთვის რომ მოვახდინოთ ამ არტეფაქტის პოპულარიზაცია ძალიან კარგი იქნება თუ ამ სოფელს დაერქმევა ან მეგობრობა, ან მწვანე გორა“. - განაცხადა ირინე მაჭარაშვილმა

სოფლის სახელების გადარქმევის პროცესი მარნეულის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტი ცდილობს შეცვალოს ყველა იმ სოფლისა და ქუჩის დასახელება, რომლებიც საბჭოთა კავშირის ლიდერებთანაა დაკავშირებული.

რადიო „მარნეული“

Print