სიჩუმეს ოქროს ფასი აქვს? - მუშევანელები "არემჯის" წინააღმდეგ
მუშევანის მოსახლეობა სოფლის ცენტრში კვალავ უცვლევლი მოთხოვნით შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები და კაცები აქციაზე ერთმანეთისაგან განცალკევებით იდგნენ ისინი კომპანია „არემჯი“-მ გააერთიანა. მოსახლეობა ერთიანი ფრონტით ცდილობს კომპანიისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელისფულებისთვის ხმის მიწვდნას, რომ მათი სოფლის მიმდებარედ ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება არ მოხდეს.

„არემჯი“-ს პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში, დაგეგმილი აფეთქებების რაოდენობა დაახლოებით 55 იქნება. ხოლო საბურღი დანადგარები წლის განმავლობაში 200 საათის განმავლობაში იმუშავებს.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ღია კარიერული წესით წიაღისეულის მოპოვების თანხმობას ხელი მოტყუებით მოაწერინეს. მოქალაქეთა განმარტებით, „არემჯის“-თან დაახლოებულმა რამდენიმე თანასოფლელმა და კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას განუცხადეს, რომ ხელმოწერებს სოფელში გაზის გასაყვანად აგროვებდნენ, რეალურად კი ისინი „არემჯი“-სთვის წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების თანხმობას აწერდნენ ხელს.

„არემჯი“ მუშევანელების პროტესტთან დაკავშირებით წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა სადაც სოფლის მოსახლეობა მუშროვანის პროექტის შესახებ დეზინფრომაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

მუშევანელებმა „არემჯი“-სათვის ლიცენზიის გაცემის გაპროტესტება ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ დაიწყეს. 28 ივლისს სოფელში პირველი მასშტაბური აქცია გაიმართა სადაც ადგილობრივები სოფლიდან წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის გასვლას ითხოვდნენ. მომდევნო აქციები სოფელში დაპირისპირების ფონზე ჩატარდა.

13 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, მოსახლეობა „არემჯი“-ს წინააღმდეგ ხელმოწერების შესაგროვებლად და დაანონსებული მადნეულის მოპოვების პროექტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერდა „RMG GOLD“-ის დაანონსებულ პროექტს, ხოლო შეკრებილთა უმრავლესობა მათ წინააღმდეგ წავიდა. მოწინააღმდეგეები აცხადებდენ, რომ მათ სოფელთან ახლოს მადნეულის ღია კარიერული წესით მოპოვება სოფლის ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება. მიუხედავად დაპირისპირებისა სოფლის მოსახლეობამ „არემჯი“-სათვის ლიცენზიის გაცემის შეწყვეტისათვის ხელმოწერები მაინც შეაგროვა და სამთავრობო უწყებებს მათი აზრი მიაწოდა, რომ ეწინააღმდეგებიან სოფლის მიმდებარედ წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებას. ხელისუფლებამ კი ისინი უპასუხოდ დატოვა.

ბოლო აქცია მუშევანელებმა 11 ნოემბერს გამართეს.
„აქ რომ შევიკრიბეთ მიზეზი აი ესაა. ვიცავთ ჩვენს სოფელს, ბუნებას. ხალხის , ჩვენი შვილების მომავალს ვიცავთ. მიზანი მხოლოდ ეს გვაქვს. ორჯერ შევაგროვეთ ხელმოწერები, პირველ კამპანიაში 217, მეორეში კი 385 ხმა. ეს ყველაფერი ოფოცოალურად წარვუდგინეთ შესაბამის ორგანოებს. ამ თვის პირველ რიცხვში გამოვიდა განკარგულება, რომ ამხელა საქმის, ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად კომპანიას შეუძლია მუშაობა. ჩვენ მხოლოდ ამას ვაპროტესდებთ“, - ამბობს მუშევანის მკვიდრი კენან მამედოვი.


„ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ სოფლის მოსახლეობა სრულად იყო ინფორმირებული (მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზე) არსებული პროექტის შესახებ, რასაც სოფელში ჩატარებული ორი საჯარო განხილვა მოწმობს. აღნიშნული დასტურდება გზშ- ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასების) საჯარო განხილვის უწყვეტი ვიდეო გადაღებითაც, რომელიც სრულად ასახავს საჯარო განხილვის მაღალ სტანდარტს და კანონიერებას. ვიდეო გადაღება ხორციელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიერ. მოვუწოდებთ მათ გაასაჯაროონ აღნიშნული ვიდეო/ფოტო მასალები.

გზშ-ს განხილვის შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მუშევანის პროექტის ირგვლივ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას, კომპანიის მხრიდან ასევე გაეცა ამომწურავი პასუხები.

ჩვენ ასევე წლებია ვასრულებთ უპრეცედენტო გარემოსდაცვით ვალდებულებებს და ამ მხრივ ქვეყნის მასშტაბით ვნერგავთ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტს, რაც უკვე არაერთხელ იქნა აღიარებული ამ დარგის სპეციალისტების მიერ. შესაბამისად „არემჯის“ მიმართ არ არსებობს არცერთი ობიექტური პასუხგაუცემელი კითხვა, რაც შეიძლება ნებართვის არ გაცემის საფუძველი გამხდარიყო“.
- აღნიშნულია „არემჯი“-ს განცხადებაში

ღია კარიერული წესით მადნის მოპოვების პროცესს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობსათვის დამაზიანებელს უწოდებს „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე. მისი განმარტებით, წიაღისეულის ასეთი სახით მოპოვებისას საუბარია დიდი მასშტაბის ლანდშაფტის დეგრადაციაზე, რა დროსაც ისპობა მიწის ნაყოფიერი ფენა.

„კონკრეტულად მუშევანის შემთხვევაში მოპოვება უნდა მოხდეს აფეთქებების მეშვეობით რაც დამატებით ზეგავლენას განაპირობებს. ერთის მხრივ ეს არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება და მეორე მხირვ ისევ გარემოზე. მუშევანის შემთხვევაში დაგეგმილია წელიწადში 55 აფეთქების განხორციელება რაც ნიშნავს კვირაში ერთ ან ორ აფეთქებას. ეს ადამიანებისთვის არის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ხმაური რაც როგორც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ასევე რა თქმა უნდა, სომატურადაც ვლინდება შესაბამისად ეს ზემოქმედება. კომპანიის ერთადერთი შემარბილებელი ზემოქმედება არის ის, რომ თურმე ადამიანებს გააფრთხილებენ აფეთქებების შესახებ და ეს ნიშნავს მათთვის ამ ზემოქმედების შერბილებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არაა გამოსავალი. რაც არ უნდა გაგაფრთხილონ კვირაში ორი აფეთქების მოსმენა, რა თქმა უნდა, მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამას ემატება ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები, რომელთათვისაც გაფრთხილებას არანაირი აზრი აქვს. შეუძლებელია ამისათვის მზად იყო“.

ნინო გუჯარიძე ამბობს, რომ ღია კარიერული წესით მადნის მოპოვებას უარყოფითი ზემოქმედებების მთელი სპექტრი ახლავს რამაც შეასლოა გარემოში შეუქცევადი ცვლილები გამოიწვის, დაიწყოს მეწყრული პროცესები. აფეთქებით გამოწვეულმა ბიძგებმა შესაძლოა ნაგებობები დააზიანოს, ჰაერში გაფანტულმა მტვერმა კი,ვ ჯანმრთელობისთვის რისკები შექმნას. კომპანიას უნდა შეესწავლა, გაეთვალა და დაეგეგმა შემარბილებელი პროცესები, მაგრამ ამ საქმიანობას მუშევანში ადგილი არ ჰქონია.

მუშრევანელები აცხადებენ, რომ მზად არიან ბოლომდე დაიცვან საკუთარი უფლებები და არ მისცენ კომპანიას საშუალება მადნის მოპოვების სანაცვლოდ სოფელს ზიანი მიაყენოს.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები