კიროვკის საერთო კრებაზე მოსახლეობამ სოფლისთვის მამეის დარქმევას დაუჭირა მხარი
დღეს, 20 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში სოფლის საერთო კრება გაიმართა. კრრბაზე მოსახლეობამ სოფლის სახელის შეცვლის საკითხი განიხილა.

"დღევანდელ კრებაზე მოსახლეობამ აირჩია სხდომის თავმჯდომარე და მდივანი და განიხილეს სოფლისთვის სახელის შეცვლის საკითხი. ადგილობრივებმა სახრლის ორ ვარიანტს, მამეისა და მეგობრობას, შორის მხარი მამეის დაუჭირეს. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება გაითვალისწინებს ადგილობრივების გადაწყვეტილებას". - აცხადებს პლატფორმა "სალამის" ბორდის წევრი ბენიამინ კასუმოვი

სოფლის ცენტრში შეჯრებილმა კიროვკელებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სოფლისათვის მამეის დარქმევას. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისტორიულად სოფელს სწორედ მამეი ერქვა და სურთ რომ დასახლებას სწორედ ეს სახელი დაუბრუნდეს.



სოფელ კიროვკისათვის სახელის შეცვლის პროცესი მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად სოფლის მოსახლეობას რამდენიმე სახელი შესთავაზეს, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა მოსახლეობისაგან მოთხოვნილი სახელი „მამეი“. 2022 წლის 14 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე კი მერისს სახელდების კომისიის წევრმა გააკეთა განცხადება, თუ რატომ არ დაერქმევა სოფელს „მამეი“. საკრებულოს სხდომაზე ირინე მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ კიროვკელების მოთხოვნილი სახელი ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. ცნობებია სახელწოდება „მამაი“-ს შესახებ ხოლო ეს სახელი ორ ისტორიულ ფიგურას შეიძლება უკავშირდებოდეს. მაჭარაშვილის განმარტებით მამაი შესაძლოა იყოს დაკავშირებული ოქროს ურდოს მთავარსალის ან წმინდანის სახელთან.

სოფელ კიროვკისათვის სახელის შეცვლის პროცესი ამ ეტაპამდე მიმდინარეობს. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად შეესაბამება სოფლის მოსახლეობის და მარნეულის მერიის მიერ შეთავაზებული სახელები სოფელს. მარნეულის მერიას სოფლისათვის ორი სახელი აქვს შერჩეული. „მეგობრობა“ - როგორც ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობის აღსანიშნავი სახელი და „მწვანე გორა“ - სოფელში ისტორიულად განვითარებული მეტალურგიის წარმოსაჩენად და არტეფაქტების პოპულარიზაციისათვის.



მარნეულის მერიის წარმომადგენელის განმარტებას, თუ რატომ არ შეიძლება სოფელს ეწოდოს „მამეი“ გამოეხმაურა პლატფორმა სალამიც, რომელმაც განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. პლატფორმა „სალამი“ მუნიციპალიტეტს, ცენტრალურ ხელისუფლებას, მეცნიერ-მუშაკებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სხვა სათემო აქტივისტებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით და არ მისცენ მუნციპალიტეტის გარკვეულ თანამშრომლებს ამ საკითხით მანიპულიების თუ დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები