პუტინის ექს-მრჩევლის შვილის კომპანიამ თბილისში კლინიკა გახსნა
მოსკოვურმა სამედიცინო ქსელმა „ჩაიკამ“ თბილისში, ვაკეში, კლინიკა გახსნა. ეს ქსელის პირველი კლინიკაა რუსეთის გარეთ.

ქსელის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კლინიკაში ექიმებთან კონსულტაციებზე ფასები 100 ლარიდან იწყება.

დაწესებულების სამედიცინო დირექტორია ქსენია იურკინასი. რუსულ გამოცემა „ვადემეკუმს“ იურკინასმა უთხრა, რომ კლინიკა 15 მაისს გაიხსნა და 200 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. იურკინასი აქამდე თბილისურ „სილქ მედიქალში“ მუშაობდა.

კლინიკაში მუშაობენ ქართველი ექიმებიც. ერთ-ერთი მათგანი, თერაპევტი ნინო ვაჩეიშვილი, საჯარო რეესტრის თანახმად, 2022 წლის დეკემბრის ბოლოს დარეგისტრირებული „შპს კლინიკა ჩაიკას“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. ვაჩეიშვილს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

თუმცა, კლინიკაში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ კლინიკა მოსკოვური „ჩაიკას“ თბილისური ფილიალია.

„ჩაიკას“ ქსელის მფლობელი 2022 წლის სექტემბრიდან არის პოლინა იუმაშევა – სანქცირებული ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას ყოფილი მეუღლე და რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ იუმაშევის შვილი. 2022 წლის მაისამდე იუმაშევი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველიც იყო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები