„საჯარო, მაგრამ მიუწვდომელი“ - მარნეულის ბიუჯეტის განხილვის პრობლემები
18:18 / 30.12.2024
წელს მარნეულის ბიუჯეტის დასამტკიცებლად დიდი საკონფერენციო დარბაზი
არ დასჭირდათ, როგორც ეს სხვა წლებში ხდებოდა.
22 ნოემბერს მარნეულის საკრებულომ ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოაწყო
მაგრამ მას მხოლოდ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და
ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ბიუჯეტი საკრებულოს ორმა კომისიამაც
განიხილა, მაგრამ კომისიის სხდომების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ
იყო, რის გამოც დაინტერესებულ პირებს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა
არ მიეცათ. 2025 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ 19 დეკემბერს დამტკიცდა.
საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის დამტკიცებისათვის ზუსტად 13 წუთი
დაიხარჯა - მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა
კობა ჩხიტუნიძემ ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს წარუდგინა, დეპუტატებს
კითხვები არ დაუსვიათ და ბიუჯეტის დამტკიცებას „ქართული ოცნების“
დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა
ნინო ბერიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2025 წლის
ბიუჯეტი კანონის სრული დაცვით მიიღო.
„ორჯერ გაიარა კომისიურად და ერთხელ მოხდა საჯარო
განხილვა მისი. მერმა შემოიტანა გათვალისწინებული შენიშვნები, კიდევ
იყო შემდეგ რაღაცა შენიშვნები გამოთქმული, რაც დააგვიანდათ
არასამთავრობოებს, კიდევ გადაეგზავნა დამატებით ეს საკითხები.
შემოვიდა უკვე 16 დეკემბერს, კომისია შეიკრიბა, ჩატარდა გაფართოებული
სხდომა და რა ვიცი, სრული ლეგიტიმაცია აქვს ბიუჯეტის
დამტკიცებას“. - განაცხადა ნინო ბერიძემ
მარნეულის 2025 წლის ბიუჯეტის ერთადერთი საჯარო განცილვა 22 ნოემბერს
გაიმართა. მარნეულის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი განმარტავს,
რომ მოქალაქეებს საკმარისი ინფორმაცია და დრო ჰქონდათ იმისათვის რომ
ბიუჯეტის განხილვასა და კომისიის სხდომებში მიეღოთ მონაწილეობა,
მაგრამ, როგორც თავად ამბობს, „საჯარო განხილვაზე ხალხს ძალით ვერ
მიიყვანენ“.
„გაიარა კომისიურად და კომისიის სხდომა არის საჯარო,
ნებისმიერ ადამიანს შეეძლო დასწრება, გამოქვეყნებული იყო, შეეძლო
მოსულიყო, დასწრებოდა მაგრამ თქვენც იცით, პირველ შეხვედრაზეც თითქმის
0 იყო მოქალაქეთა მონაწილეობა და არავინ არ მოვიდა, არც
არასამთავრობოები და რომ ჩატარდება და დამტკიცდება მერე იწყება
აჟიოტაჟები, მერე იწყება აქტიურობები და გამოქვეყნებული იყო,
ნებისმიერს შეეძლო მოსულიყო და დასწრებოდა“ - აცხადებს
ნინო ბერიძე
მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსის
მტკიცებით საჯარო იყო საკრებულოს კომისიაზე ბიუჯეტის განხილვის
შესახებ ინფორმაცია, აღნიშნული ინფორმაცია საკრებულოს გვერდზე
გამოქვეყნებული არ იძებნება. მარნეულის საკრებულომ ბიუჯეტის კომისიური
განხილვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი დასრულების შემდგომ
გამოაქვეყნა.
ჩვენს კითხვაზე საპასუხოდ, თუ რამდენად უზრუნველყო საკრებულომ
მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება მაშინ, როდესაც განხილვების
შესახებ ინფომრაცია საჯარო არ იყო, ბერიძე გვპასუხობს, რომ ეს
ფორმალური საკითხია და მოქალაქეები პირველ საჯარო განხილვაზეც არ
მისულან.
მარნეულის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი მარნეულელებს
საყვედურობს, რომ მათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ აინტერესებთ.
მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის შესახებ
ინფორმაცია არ აქვთ და მათთვის მერიისა თუ საკრებულოს წარმომადგენლებს
ბიუჯეტის საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხერლმძღვანელი რაშან
ზიადალიევი განმარტავს, რომ გასული წლისაგან განსხვავებით წელს
მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ ბიუჯეტის
განხილვის პროცესში. ზიადალიევის განმარტებით, ბიუჯეტის დაგეგმვისას
აუცილებელია კონსულტაციები მოსახლეობასთან და სოფლის კრებების
ჩატარება.
„სამწუხაროდ წელს მე ვერ ვნახე სოფლის კრებები.
მაგალითად, სოფლის კრებები ძალიან ინტენსიურად ჩატარდა შარშან
ბიუჯეტის დაგეგმვის დროს. შესაძლოა ქვეყანაში მიმდინარე პროცესიდან
გამომდინარე ან სხვა მიზეზით ვერ ან არ ჩატარდა ეს შეხვედრები, რაც
საბოლოო ჯამში ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბიუჯეტის მიღების პროცესზე,
როდესაც მოქალაქეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას. ამის გამო ჩვენ
ვნახეთ, რომ ბიუჯეტის საჯარო განხილვა არ მოხდა ისე, როგორც არის
საჭირო. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის ოქტომბრამდე
მერებმა უნდა ჩააბარონ ანგარიში, თუ რა განახორციელეს ერთი წლის
განმავლობაში მაგრამ ჩვენ ეს ვერ დავინახეთ. ამის გარდა, ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსში გათვალისწინებულია, რომ საკრებულოს
წევრებმაც უნდა ჩააბარონ წლიური ანგარიში მაგრამ ესეც ვერ
ვნახეთ“. - აცხადებს რაშან ზიადალიევი
ზიადალიევის მსგავსად ბიუჯეტის მიღების პროცესის გაუარესებაზე
საუბრობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის რეგიონული
წარმომადგენლობის კოორდინატორი არჩილ თოდუაც. თოდუას განმარტებით,
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში მკვიდრდება პრაქტიკა,
როდესაც მუნიციპალიტეტები თანდათან ხდებიან დახურული ორგანიზაციები.
თოდუა განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესი აქტიურად დაიწყო რუსული
კანონის პირველი ინიცირების შემდეგ.
„პრაქტიკა გვაქვს წინა წლებში როდესაც მთელი რიგი
მუნიციპალიტეტები ამ პროცესს სწორად და ეფექტურად წარმართავდნენ
მაგრამ ბოლო პერიოდში ეს ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი და სერიოზულ
პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ კონსტიტუციაც გვეუბნება, რომ
თვითმმართველობა ეს არის მოქალქის უფლება და შესაძლებლობა მოაგვაროს
მის გარშემო არსებული პრობლემები და ზუსტად ამ უფლების რეალიზებას
უშლის ხელს როდესაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი თუ
აღმასრულებელი ორგანო საბიუჯეტო პროცესს წარმართავენ ისე, რომ არ
უზრუნველყოფენ მოქალაქეთა თანამონაწილეობას. რა თქმა უნდა, კომისიური
სხდომები უნდა ყოფილიყო ღია, საჯარო და ნებისმიერ ადამიანს უნდა
ჰქონოდა მასში მონაწილეობის უფლება“. - განამარტავს
არჩილ თოდუა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის განმარტებით,
ადგილობრივი თვითმმართველობა თავად უნდა მიდიოდეს მოქალაქეებთან,
ცდილობდეს მათი ჩართულობის გაზრდას და მოქალაქეთა ჩართულობით უნდა
ღებულობდეს ბიუჯეტს, მაგრამ საქართველოს უმეტეს რეგიონებში
თვითმმართველობები ამას არ აკეთებენ.
არჩილ თოდუას განმარტებით, არსებობს სხვადასხვა გზები და პრაქტიკები
რომლის მეშვეობითაც მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა შესაძლებელი.
ადგილობრივი თვითმმართველობები კი ვალდებულები არიან მათ ხელთ
არსებული რესურსი გემოიყენონ, რათა მოქალაქეთა ჩართულობა მაქსიმალურად
გაიზარდოს.