საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს
მიმართავენ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ექიმთა კონსილიუმი შექმნას.
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და
დირექტორი მზია ამაღლობელი უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.
„ჩვენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის წარმომადგენლები,
საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუციას, გთხოვთ
და მოგიწოდებთ, რომ უზრუნველჰყოთ დარგში აღიარებული, კვალიფიციური
ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ
მოხდეს მზია
ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი
პროტოკოლის და წესების დაცვით“, - წერია მიმართვაში, რომელიც
მთავრდება სიტყვებით: „თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება
პოლიტპატიმრებს!“
გუშინ, 28 იანვარს, ბათუმელმა მედიკოსებმა ისაუბრეს იმ რისკებზე,
რომლებიც შიმშილობის გამო მზია ამაღლობელს ემუქრება. მედიკოსები
ითხოვენ, რომ „სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმები,
- იქნება ეს კონსილიუმის თუ სხვა ფორმით, - დაუყოვნებლივ შეუშვან მზია
ამაღლობელთან“.
ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა კახაბერ ქაშიბაძემ განაცხადა, რომ მზია
ამაღლობელის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან მას არაერთი ქრონიკული
დაავადება აქვს.
„შეიძლება გადარჩეს ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ ვერ
გადარჩეს მისი ჯანმრთელობა. მით უფრო, რომ საფრთხე უფრო სერიოზულია,
რადგან ქალბატონ მზიას არაერთი ქრონიკული დაავადება
აქვს“, - განაცხადა კახაბერ ქაშიბაძემ.
მზია ამაღლობელის
საქმე
მზია ამაღლობელს, რომელიც ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული
წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს,
- კვლავ დააკავეს, ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს,
„პოლიციელზე თავდასხმას". მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო
უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და
„ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ
მოუწოდებენ.
23 იანვარს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“, - 12 ორგანიზაციასა და
ერთ ინდივიდუალურ პირთან ერთად, - საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა,
დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
ამავე მოწოდებით გამოვიდა ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების
უსაფრთხოების პლატფორმა“, რომელმაც განგაში ატეხა ამაღლობელის
დაპატიმრების გამო.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შიმშილობს.
„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ.
როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე
შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის
გამო“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მისი მონახულების შემდეგ
23 იანვარს.
მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა
საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა
რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ
უსამართლობის“.