"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ტრამპის
ადმინისტრაციას იმისთვის, რომ მან ამერიკის მიერ საგარეო დახმარებების
და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პროგრამები, მათ შორის
USAID-ის ფარგლებში სამი თვით შეაჩერა. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ
ეს არ იქნება მხოლოდ სამთვიანი შეჩერება.
„ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა,
გამჭვირვალობაზე ჩვენზე მეტად სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ
იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო
გადაწყვეტილება, ყველანაირი
ასეთი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური
ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის.
მთავარია, რომ ასე გაგრძელდეს პროცესები. იმედი გვაქვს, რომ ეს არ
იქნება მხოლოდ სამ თვიანი შეჩერება. ყველა ის დაფინანსება, რომელიც
მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ,
რევოლუციისკენ, რა თქმა უნდა, უნდა გაჩერდეს და ჩვენ მადლობა უნდა
გადავუხადოთ ტრამპის ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ ასეთი
გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის
მოქმედმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფედერალური დაფინანსება
შეჩერდებოდა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია არ გადახედავდა ყველა
გრანტსა და სესხს და დაადგენდა შეესაბამებოდა თუ არა ის პრეზიდენტის
პრიორიტეტებს. დაფინანსების შეჩერება ასევე ეხება საგარეო
დახმარებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ
თანხებს. თუმცა განკარგულების ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე
ფედერალურმა მოსამართლემ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ
ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა. შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში
ძალაში 3 თებერვლის 5:00 საათამდე იქნება.
აღსანიშნავია, რომ USAID საქართველოში არაერთ პროექტს აფინანსებს, მათ
შორის არის საგანმანათლებლო პროექტებიც. USAID მხარს უჭერს 35-ზე მეტ
პროგრამას საქართველოში, რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ
ქვეყნის მედეგობა, გააძლიეროს დემოკრატიული მიღწევები, უზრუნველყოს
მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა.