თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ, მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას - ლაშა ჩხვიმიანი
დმანისელი აქტივისტი ლაშა ჩხვიმიანი, რომელიც უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს, დმანისში აქციას აანონსებს. ჩხვიმიანი მიმართავს დმანისელებს და მათ გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.

„მე აქ ვადაგასული და მავნებელი ხელისუფლების იმედით არ ვდგავარ. მე აქ ვდგავარ პირიქით, მათზე გაბრაზებული და მახრჩობს ბრაზი, რომ მათ დაკარგეს ფოკუსი და მათთვის მთავარი ღირებულება აღარ არის ადამიანი და არ შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლე მიანდო“. - აცხადებს ჩხვიმიანი

დღეს, 3 თებერვალს, გავრცელებულ ვიდეოში ჩხვიმიანი მოქალაქეებს სოლიდარობის გამოხატვისა და საერთო მიზნის მიღწევისათვის გაერთიანებისათვის მოუწოდებს.

„თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ, მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას და გაერთიანებულ დმანისელებთან ერთად უფრო გაძილერებული შევუერთდები ამ საეთო ბრძოლას, რომელიც შემდეგ ხელისუფლებას აუცილებლად აიძულებს სამართლიანი იყოს და ხალხს მოუსმინოს. ოთხშაბათს, საღამოს, დმანისის მერიის წინ, ცენტრალურ სკვერთან სადაც ჩემი მანქანით ვდგავარ. თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას. დმანისს ასეთი ერთობის მაგალითი არასდროს არ უჩვენებია და ეს იქნება ჩემთვის ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ნიშანი და იმედი იმის, რომ ეს გაერთიანებული ხალხი ხელისუფლებას უკანონო პატიმრებსაც გაათავისუფლებინებს და ახალ, სამართლიან არჩევნებსაც ჩაატარებინებს“.

ჩხვიმიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები საერთო მიზნისთვის და სოლიდარობისათვის არ შეიკრიბებიან, ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას.

„სხვა შემთხვევაში მე ისევ გავაგრძელებ შიმშილობას, ისევ ხალხის ერთობის მოლოდინში. აღარ შემიძლია ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ და ჩვენ, ადამიანებს, ერთმანეთის სოლიდარობის იმედი დაკარგული გვაქვს“. - განაცხადა ლაშა ჩხვიმიანმა

ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა 30 იანვარს დაიწყო. „მოვკვდები სიმართლისთვის“ - წერდა ის და აჟღერებდა ორ მთავარ მოთხოვნას, სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
30 იანვარს, შვილისათვის სოლიდარობის გამოსახატავად, შიმშილობა დაიწყო ლაშა ჩხვიმიანის დედამაც. როგორც ლაშა დღეს გავრცელებულ ვიდეოში განმარტავს, დედამისმა შიმშილობა გუშინ, 2 თებერვალს, „ხალხის ერთობის იმედით“ შეწყვიტა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები