დგებუაძის სხეულზე სიწითლე დაზიანებას არ ნიშნავს - ექსპერტი
გამომცემლობა „პუბლიკას“ ინფორმაციით, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართა – სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. მან 12 იანვარს ექსპერტიზა ჩაუტარა როგორც ირაკლი დგებუაძეს, ასევე მზია ამაღლობელს და სამედიცინო დასკვნა გამოსცა.

გივი ჩხარტიშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ ირაკლი დგებუაძეს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში ჰქონდა სისხლნაჟღენთები და ეს დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

დაინიშნა ირაკლი დგებუაძის და მზია ამაღლობელის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები – კერძოდ, ჩატარდა აღნიშნულ პირებზე დაზიანების არსებობის, მიყენებული საგნის, ხანდაზმულობისა და სიმძიმის ხარისხის დადგენა ვიზუალურად.

12 იანვარს ირაკლი დგებუაძე ჩემ წინაშე პირადად წარმოდგა, ექსპერტიზა დაიწყო 14:24 წუთზე, ჩატარდა მისი სხეულის ვიზუალური დათვალიერება, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

ამავე დღეს, 15:24 წუთზე, ჩემთან წარმოდგენილი იყო მზია ამაღლობელი, რომელსაც ასევე ჩაუტარდა ექსპერტიზა და გაიცა დასკვნა, რომლის თანახმადაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“, – აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.

მანვე ისაუბრა „სიწითლეზე“. მისი თქმით, სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, ამიტომ ის ექსპერტიზის დასკვნაში არ შეუფასებია და არ მიუთითებია. მოწმე ამბობს, რომ არ ახსოვს, ჰქონდა თუ არა ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზის დროს სიწითლე, თუმცა აღნიშნა, რომ მას, სავარაუდოდ, დასკვნაში არ მიუთითებდა.

„სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ჩემი შეფასების საგანი მხოლოდ ობიექტური დაზიანების ნიშნებია. შესაბამისად, დასკვნაში ეს არ მითითებია. იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე, არ მახსოვს, მაგრამ რომც ყოფილიყო, ამას არ მივუთითებდი“, – განმარტა ექსპერტმა.

ჩხარტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შემოწმების მომენტში ირაკლი დგებუაძე უჩიოდა „სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის მიდამოში“, თუმცა ტკივილის შეფასება, მისი თქმით, სუბიექტური მცნებაა და სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში არ ექცევა.

„როდესაც ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა უტარდებოდა, ის უჩიოდა ტკივილს მარჯვენა ყურის მიდამოში. ტკივილი სუბიექტური ჩივილია, ის არ წარმოადგენს დაზიანების ობიექტურ ნიშანს და შესაბამისად, ჩემი შეფასების საგანი ვერ იქნება“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მზია ამაღლობელის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. პროცესს ესწრებოდნენ გერმანიის, შვედეთისა და ესტონეთის ელჩები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები