„ეუთო/ოდირი არ უნდა დავტვირთოთ ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით“ – ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, არ არის
მიზანშეწონილი
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა 2025 წლის
თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
„რაც შეეხება ეუთო/ოდირს, თქვენ იცით, რომ არის ასეთი
პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს.
გადახვევები გვხვდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021
წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო
დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან“, –
განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – „ანუ არ აპირებთ
მოწვევას?“ – კობახიძემ უპასუხა: „ნუ ნერვიულობთ“.
მისი თქმით, „ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის
დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით და ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი
ფორმით“.
კობახიძის განცხადებას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს მოწოდება,
რომელიც 18 ივნისს გავრცელდა. საელჩომ მოუწოდა საქართველოს
ხელისუფლებას, არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისია ოფიციალურად
მოიწვიოს.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია
ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო
ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია“, – ნათქვამია საელჩოს
განცხადებაში.
ბრიტანეთის საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, როცა
გაერთიანებული სამეფო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას
აფინანსებდა, აღნიშნულ საქმიანობას მხარს საქართველოს მთავრობაც თავად
უჭერდა.