„ვერაფერს გეტყვით აღნიშნულ საქმესთან
დაკავშირებით.
ერთი შემიძლია გითხრათ, რომ თანხის ძალიან დიდ ოდენობაზეა
საუბარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა
კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი“,– აცხადებს
თბილისის მერი კახა კალაძე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმესთან
დაკავშირებით.
„დაანებეთ თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს, დაელოდეთ
გამოძიებას და გამოძიება გასცემს ყველა კითხვაზე შესაბამის პასუხს. ეს
ხომ ერთჯერადი შემოტანილი არაა? წლების განმავლობაში შემოდიოდა,
როგორც წავიკითხე და მოვისმინეთ. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას
და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“,- განაცხადა კახა
კალაძემ.
პროკურატურის განცხადებით, სუსთან ერთად 2022-2024 წლებში 624 მილიონი
აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის
ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი ადამიანი. უწყებას არ
დაუკონკრეტებია, ვინ არის დაკავებული, არ უთქვამს არც მისი
ინიციალები.
„ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა,
2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35
მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი
ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა
აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად,
პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში
მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.