ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა - ის თანხის გადახდამდე პატიმრობაში დარჩება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 5000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს გადასახდელად 20 დღე განისაზღვრა.

პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო ნიშნავს იმას, რომ ხოშტარია 5000 ლარის გადახდამდე პატიმრობაში დარჩება. გადაწყვეტილება არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორი ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეებზე აპელირებდა. მარიამ წულაიას თქმით, ხოშტარია არაერთხელაა ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული პოლიციის დაუმორჩილებლობასა

და წვრილმან ხულიგნობაზე და „გამუდმებით არღვევს შეკრება-მანიფესტაციის კანონს“. მისი თქმით, ხოშტარია კანონის დარღვევისკენაა მიდრეკლი, არ ემორჩილება სასამართლოს და სამართლადამცველ ორგანოებს.

ელენე ხოშტარიამ დღევანდელ პროცესზე გამოცხადებასა და დაცვაზე უარი თქვა, შესაბამისად, სხდომაზე არ გამოცხადდა არც მისი კერძო ადვოკატი.

განხილვის დაწყებამდე არსენ კალატოზიშვილმა ხოშტარიას საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.

ელენე ხოშტარიამ საზოგადოებრივ ადვოკატთან შეხვედრაზეც უარი განაცხადა. ირაკლი ბენია იზოლატორიდან პირდაპირ სასამართლოში გამოცხადდა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ არ იცნობს ბრალდებულის პოზიციას, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ხოშტარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული. მისივე თქმით, საქმეში არც დაკავების და არც ბრალის წარდგენის საფუძვლები არსებობს.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოვიპოვე, რომელიც ბრალდების მხარეს მისცემდა შესაძლებლობას, რომ ბრალი წარედგინა. მით უმეტეს, დაკავების არანაირი საფუძველიც არ არსებობს. მე მხოლოდ საქმის მასალებით შემიძლია, ვიხელმძღვანელო, კომუნიკაცია არ მქონდა ბრალდებულთან…

…საქმეში არანაირი სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა, თითქოს, ბანერები ღირდა 190-190 ლარი, თითქოს, წარწერები ვერ მოშორდა სხვადასხვა ფხვნილით და საშუალებებით.

ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, სადაც ექსპერტი ამბობს, რომ 150 ლარი ღირს ბანერი, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოშორდა მარკერით გაკეთებული წარწერა და რატომ ჯდება 190 ლარი, თუ დაზიანდა ის ნივთი“,
– თქვა საზოგადოებრივმა ადვოკატმა სხდომაზე.

ელენე ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გაავრცელა და განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის.

„გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით“, – თქვა მან.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, თუ ბრალდებული დადგენილ ვადაში გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა უფრო მკაცრი ღონისძიების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

20 დღის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, პროკურატურამ სასამართლოს ხოშტარიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართოს.

14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დაწერა: „რუსული ოცნება“. მოგვიანებით ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობა მეგის“.

კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო, 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აქტივისტი დარბაზიდან გათავისუფლდა. ამ საქმეზე მომდევნო სხდომა 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.


წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები