საგამოძიებო სამსახურმა ყალბი „Raffaello“-სა და „Jacobs Monarch“-ის წარმოების ბრალდებით ორი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო. ისინი სისტემატურად ამზადებდნენ ძირითადად ტკბილეულსა და ყავას, რის შემდეგაც პროდუქციას უკანონოდ ნიშანდებდნენ ბრენდების „Raffaello“-სა და „Jacobs Monarch“-ის სასაქონლო ნიშნებით და ახდენდნენ მათ რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

ამოღებულ იქნა:

10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული ერთჯერადი ყავა;

2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello“-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული ტკბილეული.

გარდა ამისა, ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა ყავა „Jacobs Monarch“-ის და „Carte Noire“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული „Kinder Schokolade”, ასევე, „Jacobs Monarch”-ის და „Raffaello“-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და პროდუქციის შესაფუთი თუ საწარმოო ტექნიკური დანადგარები.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების და იმ ობიექტების გამოვლენის მიზნით, სადაც ყალბი პროდუქცია იყიდებოდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები