6 ნოემბერს, პატიმრობაში მყოფ ქართველ ჟურნალისტს, სახაროვის პრემიის
მფლობელ მზია ამაღლობელს,
კიდევ ერთი ჯილდო გადაეცა - „თავისუფალი მედიის ჯილდო“ (Free Media
Award).
დაჯილდოების ცერემონია 6 ნოემბერს საღამოს გაიმართა გერმანიის ქალაქ
ჰამბურგში.
პატიმრობაში მყოფი ამაღლობელის ნაცვლად ჯილდო მიიღეს მისმა კოლეგებმა
და მეგობრებმა, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორებმა
ნესტან ცეცხლაძემ და ეთერ თურაძემ.
პრემია Free Media Awards-ი ორი
ევროპული ფონდის, ნორვეგიული The
Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის
მიერ არის ინიციირებული.
ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის
ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც
განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის
თავისუფლების დაცვაში.
Fritt Ord Foundation-ისა და ZEIT Stiftung Bucerius-ის მიერ
გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც
ჯილდოვდება ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი
ერთგულებისთვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა
საქართველოში.
ამ ჯილდოს მფლობელი უკვე იყო მის მიერ დაფუძნებულ ორივე გამოცემა -
„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“.
22 ოქტომბერს მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის პრემია, -
ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.