კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები შესაძლოა, რეგულირებას დაექვემდებაროს
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების საკითხს ეხება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კერძოდ, საუბარია ვირტუალური აქტივების მომსახურების - კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირებაზე. კანონის პროექტით, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელიც ვირტუალური აქტივის მომსახურებად ჩაითვლება.

„პროექტით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისაგან

ადგილზე ან დისტანციურად, დაადგინოს მათთვის საზედამხედველო წესები და მოთხოვნები, მათ შორის, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშება, დაადგინოს კაპიტალის აქტივებისა და რისკების მართვის სტანდარტები, განსაზღვროს რისკების ჩარჩო და შემოიღოს სხვა დამატებითი მოთხოვნები. ასევე, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მათთვის დაადგინოს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული წესები. ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა“,
- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.

წარდგენილი ცვლილებით, კანონიდან ამოღებული იქნება ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებას საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერიც უფლებამოსილი იქნება ეროვნულ ბანკში ანგარიში გახსნას.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები