საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის იმავე
პერიოდთან შედარებით, ხორბლის იმპორტი 46%-ით გაიზარდა,
- ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
მონაცემებით.
უფრო კონკრეტულად, წელს 9 თვეში საქართველომ 326 546 ტონა ხორბალი
იყიდა, რაშიც 82.4 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა. ეს კი მაშინ, როცა
2024 წლის იმავე პერიოდში იმპორტირებულია 223 666 ტონა ხორბალი,
რომლის ჯამური ღირებულებაც 52.2 მლნ
დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო ხორბლის უდიდეს ნაწილს რუსეთიდან
ყიდულობდა. კერძოდ, რუსეთის წილი იმპორტში 76%-ს შეადგენს.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველო ხორბალს ძირითადად შემდეგი 5
ქვეყნიდან ყიდულობდა:
- რუსეთი - 249 410 ტონა (63.9 მლნ დოლარის);
- ყაზახეთი - 76 984 ტონა (18.3 მლნ
დოლარის);
- ავსტრია - 74 ტონა (96 ათასი დოლარის);
- რუმინეთი - 66 ტონა (56.9 ათასი დოლარის);
- გერმანია - 11 ტონა (13 ათასი დოლარის).
რაც შეეხება ფასს, „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, 1 კგ-ის იმპორტი გასულ
წელს გადასახადების გარეშე საშუალოდ 23 ცენტი ჯდებოდა, წელს კი ფასი
25 ცენტის ფარგლებშია. მონაცემები აჩვენებს, რომ ხორბლის იმპორტი
ქვეყანას 8%-ით გაუძვირდა.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოდან ხორბლის ექსპორტიც
განხორციელდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე გავიდა
2 989 ტონა ქართული წარმოების ხორბალი, საიდანაც საქართველომ 830.4
ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. მონაცემები აჩვენებს, რომ წელს 1
კგ-ის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 27 ცენტი
იყო.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, წელს ქართული წარმოების ხორბლის
ექსპორტი მხოლოდ ირანში განხორციელდა.