აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე,
Lukoil-ი შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის
მოპოვებას წყვეტს.
ამჟამინდელი მონაცემებით, ენერგეტიკული სექტორის რუსულმა გიგანტმა
ოპერაციები მთლიანად შეწყვიტა.
პროცესის გაჩერება ნორვეგიული კომპანიის, Vantage Drilling-ის მიერ
კონტრაქტის შეწყვეტას მოჰყვა. როგორც მისი წარმომადგენლები
განმარტავენ, გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება აშშ-ის სახაზინო
დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს.
რუსული კომპანიის ფართო საერთაშორისო პორტფელი ამჟამად დიდი წნეხის
ქვეშ იმყოფება.
უცხოური კომპანიები Lukoil-თან თანამშრომლობის
შეჩერებას 21 ნოემბრის დადგომამდე ცდილობენ. განმარტებისთვის, აშშ-მა
რუსულ ნავთობ-გიგანტთან დაკავშირებული ყველა მოთამაშე გააფრთხილა, რომ
Lukoil-თან კავშირები დათქმულ ვადამდე გაწყვიტონ. წინააღმდეგ
შემთხვევაში, სახაზინო სანქციები მათაც შეეხება. რაც შეეხება თავად,
Lukoil-ს, საზღვარგარეთ არსებული აქტივების გაყიდვის ბოლო ვადად მასაც
21 ნოემბერი აქვს განსაზღვრული.
რაც შეეხება რუმინეთს, საფრთხის ქვეშაა ქვეყანაში არსებული
Petrotel-ის საწარმო, რომელსაც ასევე Lukoil-ი ფლობს. ოფიციალური
ბუქარესტის განცხადებით, ისინი დააკვირდებიან მოვლენების
განვითარებას, ისევე როგორც აღნიშნული საწარმოს გაყიდვის მცდელობებს.
რუმინეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ პროცესები ევროკავშირის მიერ
დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების სრული დაცვით
წარიმართება.
ამჟამინდელი მონაცემებით შავი ზღვის რეგიონში Lukoil-ის ყველა
ოპერაცია შეჩერებულია.