ბრიტანეთის მაუწყებელმა, BBC-მ 13 ნოემბერს ბოდიში მოუხადა აშშ-ის
პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მისი გამოსვლის მონტაჟისთვის,
რის შედეგადაც ჩანაწერიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ტრამპი
ძალადობას უჭერდა მხარს.
თუმცა მედიასაშუალებამ, ამასთან, უარყო აშშ-ის პრეზიდენტის მიერ
კომპენსაციის მოთხოვნა. მაუწყებელმა ასევე განაცხადა, რომ ფილმს აღარ
აჩვენებს.
„მიუხედავად იმისა, რომ BBC გულწრფელად ნანობს, როგორ მოხდა
ვიდეოკლიპის დამონტაჟება, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით
ცილისწამების საჩივრის
საფუძველს”, - განაცხადა BBC-მ.
ტრამპი BBC-ის სარჩელის შეტანით დაემუქრა 2021 წელს კაპიტოლიუმის
შენობაზე მისი მხარდამჭერების იერიშის დროს წარმოთქმული სიტყვის
დამონტაჟების გამო.
კვირას გაგზავნილ წერილში, როგორც Reuters-ი იტყობინებოდა,
პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ BBC-მ თავისი დოკუმენტური
ფილმი 14 ნოემბრამდე უნდა მოხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას
სასამართლოში უჩივლებენ და „არანაკლებ“ ერთი მილიარდი დოლარის
ოდენობის კომპენსაციას მოსთხოვენ.
BBC-ის მმართველმა და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა 9
ნოემბერს თანამდებობები დატოვეს. გადადგომის მიზეზი ბრიტანული
მაუწყებლის მიმართ კრიტიკა იყო ტრამპის სიტყვით გამოსვლის შესახებ
ფილმის მონტაჟის გამო.
BBC-ის მთავარმა დოკუმენტურმა პროგრამა Panorama-მ, ტრამპის გამოსვლის
ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა და ისე წარმოჩნდა, რომ 2021 წლის
იანვარში ის კაპიტოლიუმის ბორცვზე არეულობებს აქეზებდა.