Lukoil-ის უცხოური აქტივების შეძენას ამერიკული კომპანია გეგმავს
ამერიკული საინვესტიციო გიგანტი, Carlyle რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის უცხოური აქტივების შეძენას განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ს საქმესთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამჟამად ამერიკულ ფონდში ეს საკითხი განხილვის საწყის ეტაპზეა და აშშ-ის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის შეტანას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს, გარიგება დაასრულოს და აქტივებზე სათანადო შემოწმება ჩაატაროს.

ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ კომპანიამ Lukoil-ს თავისი ინტერესის შესახებ უკვე

აცნობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაძლოა, შესყიდვაზე უარი თქვას.

Carlyle Group მსოფლიოში კერძო კაპიტალის, აქტივების მართვისა და ფინანსური მომსახურების ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. Reuters-ის მონაცემებით, Carlyle 474 მლრდ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს.

კომპანია, რომელიც 1987 წელს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში დაარსდა, 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, ოთხ კონტინენტზე 28 ოფისში, თითქმის, 2200 თანამშრომელს ითვლის. 2012 წლის მაისში Carlyle-მა ვაჭრობა NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე დაიწყო. Carlyle, როგორც ბუტიკური საინვესტიციო ბანკი, ხუთი პარტნიორის მიერ დაარსდა. ესენია: უილიამ ე. კონვეი უმცროსი, სტივენ ლ. ნორისი, დევიდ რუბენშტეინი, დენიელ ა. დ’ანიელო და გრეგ როზენბაუმი. დამფუძნებელმა პარტნიორებმა კომპანია ნიუ-იორკში მდებარე Carlyle-ის სასტუმროს სახელი დაარქვეს, რომელსაც თომას კარლაილის სახელი ჰქვია და სადაც ნორისმა და რუბენშტეინმა ახალი საინვესტიციო ბიზნესი დაგეგმეს.

Lukoil-მა თავისი უცხოური აქტივები 21 ნოემბრამდე უნდა გაყიდოს, როცა ტრანზაქციების დასასრულებლად აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზია იწურება.

ცნობისთვის: Lukoil მსოფლიო ნავთობის, დაახლოებით, 2%-ს აწარმოებს, რაც როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო ნავთობის მოპოვებას მოიცავს. მისი საერთაშორისო აქტივები გლობალური ნავთობის წარმოების 0.5%-ზე მეტს შეადგენს, ხოლო 2024 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 22 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. თუმცა მოსკოვის ბირჟაზე Lukoil-ის აქციები ზედიზედ მეოთხე კვირაა, მას შემდეგ ეცემა, რაც გასულ თვეს აშშ-ის სანქციები გამოცხადდა, ხოლო კომპანიის უცხოური აქტივების Gunvor-ზე გაყიდვის გეგმა ჩაიშალა. Lukoil-ის აქციების ფასი 4.900 რუბლამდე (61 დოლარამდე) დაეცა, რაც 2.5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კომპანიის აქციები ერთ დღეში 4.6%-ით, კვირის დასაწყისიდან 7.4%-ით, ხოლო 23 ოქტომბრიდან, როცა სანქციები დაწესდა, 18.6%-ით დაეცა. შედეგად რუსეთის უმსხვილესი კერძო ნავთობკომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 777 მლრდ რუბლით, ანუ, თითქმის, 10 მლრდ დოლარით შემცირდა.

Lukoil ევროპაში სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო ყაზახეთში, უზბეკეთში, ერაყში, მექსიკაში, განაში, ეგვიპტესა და ნიგერიაში არსებულ საბადოებში წილებს ფლობს. კომპანია, ასევე, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში ასობით ბენზინგასამართ სადგურს მართავს. უცხოური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც 5000 ბენზინგასამართი სადგურის ქსელს ამარაგებენ, Lukoil-ის ნავთობგადამუშავების მთლიანი მოცულობის მეოთხედს შეადგენს.

თუმცა დასავლეთ ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე 11 ქვეყანაში მოქმედი Lukoil უცხოურ ბაზრებზე, თითქმის, სრულ პარალიზებას განიცდის. კერძოდ, ერაყში, დასავლეთ ყურნა-2-ის საბადოზე წარმოებისთვის ვერც ნაღდი ფულისა და ვერც ნავთობის სახით გადახდებს ვეღარ იღებს; ფინეთში კომპანიის კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურების ქსელი, Teboil საწვავის გარეშეა, ხოლო Lukoil-ის სავაჭრო ქვეგანყოფილება, შვეიცარიული კომპანია Litasco ტანკერების დაქირავებას ან გადახდების დამუშავებას ვეღარ ახერხებს. ასევე, ინდოეთისა და ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები Lukoil-ის ნავთობის შეძენაზე უარს ამბობენ.

ამასთან, სანქციების გამო Lukoil-ს აქტივები შესაძლოა, იმ ქვეყნების მთავრობებმა ჩამოართვან, რომლებიც აშშ-ის სანქციებს შეუერთდნენ, ისევე, როგორც გერმანიამ, ფაქტობრივად, მის ტერიტორიაზე “როსნეფტის” აქტივების კონფისკაცია მოახდინა. შედეგად Lukoil-მა შესაძლოა, თავისი ნახშირწყალბადების მთლიანი წარმოების 15-17% დაკარგოს.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები