პოლიციამ საგურამოში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი
ადამიანი დააკავა.
დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევები: 1968 წელს დაბადებული
გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული ლ.მ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
საგურამოში, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო
მყოფ, 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის
მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს. ვ.ხ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის
დაზიანება აღენიშნება და შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის
მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი“, — ნათქვამია შსს-ს
განცხადებაში.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ყაჩაღობა ბიზნესმენ გელა ბარკალაიას
ერთ-ერთ სახლში მოხდა. ბარკალაია და მისი ოჯახის წევრები სახლში არ
იმყოფებოდნენ. ნაცემია ოჯახის დამხმარე და სახლის მომვლელიც.
ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ „პირველებს“ გელა ბარკალაიამაც
დაუდასტურა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.