"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო ბოჟაძე BBC-ის გამოძიებას
გამოეხმაურა.
ბოჟაძე ამბობს, რომ მისი აზრით, ვახტანგ გომელაურზე ადრე გამოკითხვაზე
წინა ხელისუფლების დროინდელი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი უნდა
დაიბარონ.
"მე მგონია, რომ სუს-მა ვახტანგ გომელაურზე ადრე ვანო მერაბიშვილი
უნდა დაიბაროს და დაკითხოს და დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილიც, როგორც
მაშინდელი პრეზიდენტი. დაველოდოთ, შეიძლება, სუს-მა ამით დაიწყოს
[...]
ვისაც გამოძიება საჭიროდ ჩათვლის და ვისთანაც კითხვები ექნებათ, ყველა
უნდა გამოიკითხოს [...] ვანო მერაბიშვილს ხომ უნდა გაახსენდეს, რა
იყიდა? ყველა შესყიდვის საბუთები გაცემულია [...] ამხელა ამბავია
ატეხილი და ვანო მერაბიშვილი დღემდე რატომ დუმს? ყველამ იცის, რომ მის
დროს იყო შესყიდული [...] ინფორმაციის პირველწყარო არის ვანო
მერაბიშვილი [...] ვახტანგ გომელაურიც უნდა დაიბარონ და ვანო
მერაბიშვილიც. უნდა დაიბარონ ყველა, ვისი გამოკითხვაც საზოგადოებას
სიმართლის მეტ ინფორმაციას მისცემს". - თქვა ბოჟაძემ
ჟურნალისტებთან საუბარში.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს,
რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და
პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის
დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ BBC-ს გამოძიების
შესახებ საუბრისას თქვა, რომ 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი
ვანო მერაბიშვილმა შეიძინა.
იქამდე, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც BBC-ის მასალაში ნახსენები
აქციების დარბევის დროს შს მინისტრი და შესაბამისად, პასუხისმგებელი
პირი იყო, პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ქრონიკას დაუდასტურა, რომ
შსს-ს ნამდვილად ჰქონდა ქიმიური ნივთიერება "კამიტი", თუმცა, მისი
თქმით, მას წინა ხელისუფლება იყენებდა 2012 წლამდე. გომელაური ამბობს,
რომ მას შემდეგ, უწყებას აღნიშნული ნივთიერება არ შეუძენია და არც
გამოუყენებია.