პროტესტის 335-ე დღეს ქვემო ქართლის აქტივისტები ახალციხის პროტესტს შეუერთდნენ
დღეს, 14 დეკემბერს, უწყვეტი პროტესტის 335-ე დღეს, ახალციხის ცენტრში შეკრებილ აქტივისტებს ქვემო ქართლის აქტივისტები შეუერთდნენ.

ქვემო ქართლის აქტივისტთა ჯგუფი ცნობილია 100-კილომეტრიანი მარშით, რომელებიც დმანისიდან თბილისამდე ფეხით ჩავიდნენ. მარშის დროს აქტივისტები აცხადებდნენ, რომ უსამართლობასთან ბრძოლაში ერთმანეთს მარტო არ ტოვებენ. მათი დევიზი იყო: "ერთმანეთის მხარდამხარ - დავიბრუნებთ სამართალს".

აქტივისტები მომავალშიც გეგმავენ რეგიონებში ვიზიტს და აცხადებენ, რომ ყველა იმ მუნიციპალიტეტში

ჩავლენ, სადაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, რათა გაამხნევონ თანამებრძოლები.

მარტში, აქტივისტებმა 100 კილომეტრი ფეხით გაიარეს დმანისის, ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკისა და გარდაბნის გავლით, რათა რუსთაველზე შესულიყვნენ დამოუკიდებლობის დასაცავად. ისინი არაძალადობრივი გზით ცდილობდნენ ეჩვენებინათ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის ძალა. მათი ძირითადი მოთხოვნები იყო: სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.



საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროტესტის საბაბი თავდაპირველად საპარლამენტო არჩევნების მასიური გაყალბების ფონი გახდა. შემდგომში სიტუაცია გაამწვავა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს წყვეტს.

ამ ერთი წლის მანძილზე „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში მიღებულია არაერთი კანონი, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამ კანონების ამოქმედებით, დღეს, 50ზე მეტი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსია ციხეში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები