2026 წლიდან ჩამორთმეული მართვის მოწმობის საფასურის სანაცვლოდ ვადაზე აღდგენის უფლება უქმდება
2026 წლიდან ის პირები, ვისაც მართვის მოწმობა სხვადასხვა დარღვევების გამო ჩამოერთმევათ, საფასურის სანაცვლოდ, მის ვადაზე ადრე აღდგენას ვეღარ შეძლებენ - ამას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები.

ამავე ცვლილებებით, ცხადდება ამნისტია 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე და ყველა პირს (გარდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ჩამორთმევისა), ვისაც ის ჩამორთმეული ჰქონდა, მართვის მოწმობა 2026 წლის 1

იანვრიდან აღუდგება. ხოლო იმ პირებმა, ვისაც მართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ჩამოერთვა, 2026 წლის 1 თებერვლამდე უნდა წარადგინოს სამედიცინო ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ და მის საფუძველზე აღიდგინონ მართვის მოწმობა.

საკანონმდებლო პროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. მის წარდგენაზე "ოცნების" დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ აღნიშნა რომ ამნისტია ერთჯერადი იქნება და ის აღარ გამეორდება.

"პირველ რიგში ეს იქნება ერთჯერადი აქტი და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, ყველას უპირობოდ აღუდგება მართვის მოწმობა. 35,000-ზე მეტ ადამიანს აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა. თუმცა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ვისაც აქვს ჩამორთმეული, ისინი ცნობის წარდგენის გარეშე ვერ აღიდგენენ. ჩვენ ამ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ აღიდგინონ მართვის მოწმობა, მაგრამ ამავდროულად კანონმდებლობიდან ვიღებთ ყველა იმ მუხლს, რომელიც ვადაზე ადრე აძლევს საფასურის გადახდით მართვის მოწმობის აღდგენის შესაძლებლობას", - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ პლენარულ სხდომაზე.

სულ არსებული მდგომარეობით, სხვადასხვა მიზეზით მართვის უფლება 35,445 პირს აქვს ჩამორთმეული. აქედან 3504 ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის.

  • ალკოჰოლური თრობის საფუძვლით — 18 310;
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134;
  • ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3 504;
  • ქულების ამოწურვისთვის — 781;
  • სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327;
  • სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო — 11 389.
აქამდე მოქმედი ნორმით, მართვის მოწმობის აღსადგენად შემდეგი საფასურები იყო განსაზღვრული (კონკრეტული დარღვევების შესაბამისად):

  • სამართალდამრღვევის მიერ 2 500 ლარის გადახდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
  • სამართალდამრღვევის მიერ 3 000 ლარის გადახდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
  • სამართალდამრღვევის მიერ 5 000 ლარის გადახდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

 

წყარო: BusinessMedia

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები