„ისპაჰანში 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული“ — ორგანიზაცია „ფერეიდნიდან საქართველომდე“ განცხადებას ავრცელებს
ორგანიზაცია „ფერეიდნიდან საქართველომდე“ ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, კომუნიკაციის შეზღუდვის პირობებში მოპოვებული ინფორმაციით, ქალაქ ისპაჰანში 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა 70 წლის ქალიც.

„მოკლულთა შორის არის უკიდურესად შემაძრწუნებელი და ტრაგიკული შემთხვევა: პირდაპირი ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა. ეს სისასტიკე არა მხოლოდ

უზომო ტკივილს, არამედ უდიდეს აღშფოთებასა და რისხვას იწვევს ამ აშკარა დანაშაულის მიმართ“
, — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ირანში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხების გამო, მონაცემები სრული არ არის. მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ქალაქ ისპაჰანს ეხება, ხოლო უშუალოდ ფერეიდნისა და თეირანის შესახებ ზუსტი ცნობების მოპოვება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

„არსებული ვითარებისა და გაწყვეტილი კომუნიკაციების გათვალისწინებით, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის ალბათობა ძალიან მაღალია. ამ დროისთვის არანაირი სარწმუნო ინფორმაცია არ მოგვეპოვება თავად ფერეიდნისა და სხვა ქალაქების, მათ შორის თეირანის მდგომარეობის შესახებ, რაც ჩვენს შეშფოთებას კიდევ უფრო აორმაგებს“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები