2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25.820 მლრდ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით
მეტია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აქვეყნებს.
მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 7.291 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს
(გაიზარდა 11.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 18.529 მლრდ. აშშ დოლარს
(გაიზარდა 9.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა
კი 2025 წელს
11.238 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო
ბრუნვის 43.5 პროცენტია.
„2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი
საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ყირგიზეთი (1.498 მლრდ. აშშ დოლარი);
- ყაზახეთი (910 მლნ. აშშ დოლარი);
- რუსეთი (749.3 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში
შედის:
- თურქეთი (2.775 მლრდ. აშშ დოლარი);
- აშშ (2.723 მლრდ. აშშ დოლარი);
- ჩინეთი (1.985 მლრდ. აშშ დოლარი).
2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
- თურქეთი (3.107 მლრდ. აშშ დოლარი);
- აშშ (2.843 მლრდ. აშშ დოლარი);
- რუსეთი (2.688 მლრდ. აშშ დოლარი).
2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი
მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2.814 მლრდ. აშშ დოლარით, რაც მთელი
ექსპორტის 38.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი
ლითონების მადნები და კონცენტრატები 378.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი
ექსპორტის 5.2 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა
282.5 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს წარმოდგენილი იყო
მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3.870 მლრდ. აშშ დოლარი
და მთელი იმპორტის 20.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს
ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.358 მლრდ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3
პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები
680.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი),“ - ნათქვამია
„საქსტატის“ ინფორმაციაში.