2025 წელს, წინა წელთან შედარებით, თბილისში დიდგაბარიტიანი
მანქანების პიკის საათებში მოძრაობაზე გამოწერილი ჯარიმების მოცულობა
158%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის
შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ წელს აღნიშნული
დარღვევისთვის ბიუჯეტში 2 972 751 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე
პერიოდში 1 153 574 ლარი.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2.972 მლნ ლარიდან
ბიუჯეტში 158 420 ლარი იანვარში
შევიდა, 204 902 ლარი - თებერვალში,
307 710 ლარი - მარტში, 321 464 ლარი - აპრილში, 236 609 ლარი -
მაისში, 302 043 ლარი ივნისში, 273 406 ლარი ივლისში, 204 436 ლარი
აგვისტოში, სექტემბერში - 259 646 ლარი, ოქტომბერში - 275 035 ლარი,
ნოემბერში 212 015 ლარი, ხოლო დეკემბერში 217 002 ლარი.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ
მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე
მანქანების, კერძოდ, N1, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო
საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00
საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.
თუმცა, რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად
საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო,
საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე;
ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ
სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ
ტრანსპორტზე.
ამასთან, აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და
აგვისტოში.
რაც შეეხება ფულადი სანქციის მოცულობას, რეგულაციის მიხედვით,
დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000
ლარი.
დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ
მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის
გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია;
აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური
ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო
სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.