საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს -
ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის ბოლო,
სტატისტიკური მონაცემები. ამავე მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე
ვადაგადაცილება მოსახლეობის 10%-ს უფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქართული
საფინანსო სექტორის ვალი 1 981 761 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე
მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 369 974-ს. საქსტატის ბოლო
მონაცემებით კი, ქვეყანაში მოსახლეობის
რაოდენობა 3 704 506-ს
შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა,
რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1 664-ით
გაიზარდა. კერძოდ, „კრედიტინფოს“ 2025 წლის დეკემბრის სტატისტიკის
მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება
უფიქსირდებათ, 369 974-ს შეადგენდა, 2024 წლის დეკემბერში კი ე.წ. შავ
სიაში 368 310 პირი იყო.
ამასთან, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც
კრედიტს ვერ იხდის, 95 752 კომერციული ბანკების კლიენტია, 302 148 -
სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების
(მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 4 664 კი
სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.
რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების
დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) - 1.202 მლრდ
ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების
- 1.619 მლრდ ლარს, სალიზინგოების - 33.6 მლნ ლარს. ჯამში, 30 დღიდან
ვადაგადაცილება 2.859 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის
მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3.8%-ია.
საერთო ჯამში, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში
საფინანსო სექტორის ვალი 1 981 761 მსესხებელს აქვს, ჯამში 74.881
მლრდ ლარის მოცულობის.