სანამ „ოცნება“ სურსათის მაღალ ფასებზე წუხს და სუს-ი ფასების ზრდის
მიზეზებს სწავლობს, საქართველოში
სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა გაძვირდა.
სახელმწიფო სერვისები ბოლო რამდენიმე წელი ძვირდება.
მაგალითად, თუ 2022 წელს, პირადობის მოწმობა, რომელიც საქართველოს
მოქალაქისათვის აუცილებელი დოკუმენტია, 30 ლარი ღირდა, დღეს, 2026
წელს, მისი ფასი 60 ლარია.
გაძვირდა ბიომეტრიული პასპორტიც.
გაძვირდა ქონების რეგისტრაცია.
გაძვირდა ქონების იპოთეკით დატვირთვა.
გაძვირდა ბიზნესის რეგისტრაცია.
გაძვირდა ავტომობილის რეგისტრაცია.
გთავაზობთ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის ღირებულებას, რომელიც ბოლო
წლებში ან გაორმაგდა, ან 20-30 %-ით გაძვირდა.
პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისების საფასური
გაორმაგდა.
პირადობის მოწმობის აღება მიმართვიდან 10 დღის ვადაში 30 ლარი ღირდა.
2025 წელს ფასი გაორმაგდა და ახლა 60 ლარი ღირს.
იმ შემთხვევაში, თუკი დაჩქარებულად გსურთ პირადობის მოწმობის მიღება,
ფასები ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 100
ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი; იმავე დღეს – 150 ლარი.
100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა ბიომეტრიული პასპორტის
საფასური სრულწლოვანი პირისთვის.
ეს იმ შემთხვევაში, თუკი მე-10 სამუშაო დღეს აიღებთ. დოკუმენტის
დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში მომსახურების საფასური
ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს – 180 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს – 225 ლარი,
24 საათში- 300 ლარი, ხოლო იმავე დღეს 350 ლარი.
გაძვირდა ქორწინების მოწმობაც.
ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში არის უფასო, ხოლო სპეციალური
სარიტუალო მომსახურების საფასური გაიზარდა.
ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში სპეციალური
სარიტუალო მომსახურებით 50 ლარიდან 75 ლარამდე გაიზარდა.
ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო
მომსახურებით სამუშაო დღეებში 135 ლარი ღირს, ხოლო იგივე სერვისი
შაბათ-კვირას – 225 ლარი. შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 255
ლარი ღირს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ადგილზე) ქორწინების
რიტუალის ჩატარება კი – 255 ლარი.
გაიზარდა განქორწინების საფასურიც.
განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების
საფასური ღირდა 45 ლარი, ახლა ღირს 60 ლარი.
ქონების იპოთეკით დატვირთვა გაძვირდა.
2022 წელს იპოთეკის მოწმობის გაცემა, მასში ცვლილება, ან ნებისმიერი
სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია 3 სამუშაო დღეში 75
ლარი ღირდა.
2026 წლის მონაცემებით, 4 სამუშაო დღეში იპოთეკის რეგისტრაცია 150
ლარი ღირს, 1 სამუშაო დღეში – 270 ლარი, ხოლო იმავე დღეს – 350
ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება
სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების
დადასტურება, დამატებით გადასახდელია ხელმოწერის დამოწმების საფასური
– 7 ლარი.